მიხეილ ლომონოსოვი – „ეპიზოდი”
ფიზიკური-ქიმიის ერთ-ერთი გენიალური რუსი ფუძემდებელი და თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის შემქმნელი – მიხეილ ლომონოსოვი (1711-1765 წლები), მართლაც რომ, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) დამოუკიდებელი რუსული მეცნიერების მებაირახტრე სწავლული ნამდვილ პოლიგლოტსაც წარმოადგენდა: იგი – 19 სხვადასხვა ენაზე საუბრობდა. გარდა ამისა, შესანიშნავად ფლობდა ფარიკაობის ხელოვნებას. აქვე გასათვალისწინებელია მისი ერთობ ძლიერი ფიზიკური ძალა და უკიდურესად ემოციური ხასიათიც; გატაცებული იყო ცეკვებით და საკმაოდ ოსტატურადაც ცეკვავდა; იმდენად კარგად ხატავდა, რომ არჩეული იქნა სამხატვრო აკადემიის წევრად; წერდა ფილოსოფიურ ოდებს… პოემებსაც კი; ეკლესიას მოუწოდებდა ნაკლებად შესულიყო კონფლიქტში მეცნიერებასთან, რითაც სინოდისაგან რისხვა დაიმსახურა. ამ უკანასკნელმა, ლომონოსოვისათვის მეცნიერული მუშაობის ჩამორთმევის უფლებაც კი მოითხოვა.
რთულია დაითვალო, რაში არ იყო პირველი „უნივერსალურ სწავლულად” წოდებული ლომონოსოვი. ასე მაგალითად: იგი გახლდათ ის პირველი მეცნიერი, რომელმაც ქიმიური ლაბორატორია შექმნა; პირველი იყო, ვინაც ფიზიკურ-ქიმიაში წაუკითხა სტუდენტებს ლექცია რუსულ ენაზე; მანვე განსაზღვრა რამდენიმე მეცნიერების ფუნდამენტური კანონები, მაგალითად – თერმოდინამიკის; ლომონოსოვი წარმოადგენს რუსული გრამატიკის პირველ ავტორს; მის სახელთან ასოცირდება დღეისათვის ეგზომ ცნობილი სიტყვების – „ატომი” და „მოლეკულა”, ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოტანა. პირველმა სწორედ მან დაადგინა ის გარემოება, რომ პლანეტა ვენერა ატმოსფეროს შეიცავდა. – (ავტორი გენია.ჯი)