ალექსანდრე აბაშელი – „ტაძარში”

ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს

შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.

მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.

ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

* * *

არ ვიცი, ბრძენი, განცდას ამგვარს თუ რას დაარქმევს:

არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!

გამოვა მღვდელი. საცეცხლურით სურნელს დააკმევს

და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.

* * *

სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:

აღდგომა ღამე. სააღდგომო თეთრი ხალათი.

მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.

იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.

* * *

საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი

შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.

კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,

და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!

* * *

წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი,

აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.

მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,

მაგრამ „განვედი” ჩემს ოცნებას არ ეკარება.

* * *

თავდება ლოცვა, ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.

დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.

ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.

გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.

კომენტარის დატოვება