ოთარ ჭილაძე – „და აი, როგორც სველი ძაღლები…”
… და აი, როგორც სველი ძაღლები,
ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები
და მოითხოვენ კარის გაღებას:
ყეფით, წკმუტუნით და დაჟინებით.
* * *
და წვეთავს ისევ წყალი და ღამე,
ღამე თუ შლამი, შლამი თუ სული,
თუ უაზრობით შემკრთალი წამი,
თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული…
* * *
რაღა აზრი აქვს ან რითი შეცვლი
ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას,
ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით,
ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
* * *
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს,
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას
და სხვას არასდროს არ შეაწუხებს
ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია.
* * *
ადგილს მიწაზე ყველგან იშოვის
დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი,
მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა
იმედი – სულის მთავრი მტერი.
* * *
ჩემი ცხოვრებაც, ბუნების სარკე,
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის
და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს
მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
* * *
ნახვამდის, ზღვაო, თავისუფალო!
ნახვამდის, თუმცა შენთან ვარ ისევ
და დაყრუებულ სხეულით ვისმენ
შენს ხმას თუ ხმაურს: მხნეს და უბრალოს.