ლეონარდო და ვინჩის აღსასრული

აღორძინების ეპოქაში მოღვაწე უნივერსალმა იტალიელმა ხელოვანმა და სწავლულმა - ლეონარდო და ვინჩიმ (1452-1519 წლები), თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მშობლიურ ფლორენციაში, მილანსა და რომში დაჰყო. სიბერის ჟამს კი (1516 წელი), საფრანგეთის მეფის – ფრანსუა I ვალუას პირადი მიწვევით საფრანგეთში გადავიდა სამოღვაწეოდ (საცხოვრებლად). (ავტორი გენია.ჯი) და ვინჩის უკვდავი შემოქმედების ღრმად მოტრფიალე ფრანგმა მონარქმა ლეონარდოს უმალვე სამეფო კარის „პირველი მხატვრის, პირველი არქიტექტორისა და პირველი ინჟინრის” სტატუსი უბოძა. საცხოვრებლად და სამუშაოდ გენიალურ მეტრს ამბუაზის სამეფო სასახლის ახლოს მდებარე კლო-ლიუსეს ზღაპრული სასახლე გამოუყვეს. და ეს იმ ფონზე, როდესაც მას მუშაობა რეალურად უკვე აღარ შეეძლო. ის კი არადა, გაუარესებული ჯანმრთელობის გამოისობით, სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა. წაერთვა მარჯვენა ხელიც… შედეგად მას, საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ერთი ტილოც არ დაუხატავს. თუმცა ამ შემთხვევაში, ფრანსუასათვის უმთავრესი მაინც მისი პრესტიჟი გახლდათ. იგი უზარმაზარი რაოდენობის თანხებს ხარჯავდა იმისათვის, რომ სხვა ევროპელი მონარქებისათვის თავი მოეწონებინა: აი, ნახეთ, რაოდენ დიდი გენიოსი ემსახურება სამფრანგეთის სამეფო ტახტსო. ამბობენ, ათასობით ოქროს იღებდა და ვინჩი მხოლოდ ამის სანაცვლოდ მეფისგანო.

გარდაცვალებამდე ათიოდე დღით ადრე, ლეონარდომ ანდერძი შეადგინა. რელიგიასთან მიმართებაში იმთავითვე გულგრილი დამოკიდებულება გააჩნდა და მიუხედავად ამისა, უკანასკნელი აღსარების ჩასაბარებლად მაინც უხმო თავისთან მოძღვარს. იმისათვის, რომ ლეონარდოს აღსარება ჩაებარებინა, იმ მრავალი დღის განმავლობაში, რაც იგი საწოლს იყო მიჯაჭვული, პირველად წამოიწია საწოლიდან.

1519 წლის 2 მაისს აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მანათობლის სიცოცხლე 67 წლის ასაკში ჩაიფერფლა. მედიკოსთა მტკიცებით, და ვინჩი ინსულტს ემსხვერპლა. სამწუხაროდ, მას არ დარჩენია არც ცოლი და არც შვილები.

აღორძინების ეპოქის მხატვართა ბიოგრაფიების დიდი იტალიელი ავტორი – ჯორჯო ვაზარი ირწმუნებოდა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ლეონარდოს ფრანსუა I ადგა თავს და სწორედ მის ხელებში განუტევა სულიო, თუმცა ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

ისტორიული დოკუმენტების თანახმად, და ვინჩის აღსასრულის მომენტში ფრანგი მეფე თავის ახლადშობილ მემკვიდრესთან ერთად, კლო-ლიუსეს სასახლიდან 200 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. გარდა ამისა, მეფეს იმ პირად დღიურშიაც არ უწერია არაფერი ეგზომ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელშიაც ყოველდღიურად აღნუსხავდა მისთვის საყურადღებო მოვლენებს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ფრანსუა მასში იმასაც კი წერდა დაწვრილებით, რა მიირთვა ამა თუ იმ დღეს სადილად და ვახშმად. შედეგად, გამორიცხულია, რომ მას თავისი კუმირი ხელოვანის გარდაცვალების შესახებ დღიურში არაფერი ჩაეწერა.

ცნობილია ისიც, რომ და ვინჩი უკანასკნელ გზაზე მისმა საყვარელმა მოწაფეებმა გააცილეს. ერთ-ერთი იმათგანი საკუთარი ძმისადმი გაგზავნილ წერილში არსად ახსენებს ფრანსუას სახელს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეფე საერთოდ არ გამომშვიდობებია ლეონარდოს. ამ დროს კი, და ვინჩიმ ანდერძად დატოვა, რომ მისი ცხედარი მშობლიური იტალიის ნაცვლად, საფრანგეთის მიწისათვის მიებარებინათ, რაც ესოდენ დიდ სიამაყეს ჰგვრის დღემდე ფრანგ ხალხს.

ლეონარდო და ვინჩის დამკრძალავ პროცესიას მისივე ანდერძის თანახმად, 60 დაქირავებული მათხოვარი მიაცილებდა სანთლებით ხელში. უხვი შესაწირი მათთვის და ეკლესიისთვის და ვინჩის თავის სიცოცხლეშივე ჰქონია გაღებული.

ამ გენიალური პერსონის ცხოვრების უკანასკნელი წუთების ამსახველ ტილოებზე ხშირად არის გამოსახული მომაკვდავის სასთუმალთან მყოფი ფრანსუა I, რაც უფრო იმ მოტივით გახლდათ განპირობებული, რომ ფრანგი მონარქის აპოლოგეტებს როგორმე მეტად დაეკავშირებინათ მისი სახელი ეგზომ სახელოვან ადამიანთან. – (ავტორი გენია.ჯი)

კლო-ლიუსეს სასახლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>