ვლადიმერ ლენინი – „ეპიზოდი”
ვლადიმერ ლენინი შვეიცარიას პირველად 1895 წელს ეწვია. 1900 წელს ალპებში ჩაძირულ ამ უმშვენიერეს ქვეყანაში მან მცირეოდენი ხანი დაჰყო. 1903 წლის აპრილიდან 1905 წლის ნოემბრამდე პერიოდებში მსოფლიო პროლეტარიატის მომავალმა ბელადმა ჟენევაში იცხოვრა. ჟენევის თვალწარმტაცი ტბის სანაპიროებზე განფენილ რომანდიის მშვენებად ქცეულ ქალაქს იგი ევროპის საუკეთესო ქალაქად მიიჩნევდა და მიტომაც მიანიჭა უპირატესობა იქ ცხოვრებას.
ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლენინმა შვეიცარიაში 1914-1917 წლებში იცხოვრა. ამჯერად მას თავისი საყვარელი ქალაქიდან გადაბარგება ციურიხში მოუხდა.
მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიაში ცხოვრება იმთავითვე დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ფინანსები ესაჭიროებოდა რუსეთში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომავალ მთავარ შემოქმედსაც. ცნობილი ფაქტია, რომ ლენინი იმთავითვე ცდილობდა პარტიული სალაროსთვის დაედო თათი (რაც შემდგომში მოახერხა კიდეც), თუმცა იგი ძალიან მწირი თანხისაგან შედგებოდა (აქვე საინტერესო და საყურადღებოა ის გარემოება, რომ „პარტიული სალაროს” შევსების ერთ-ერთ გზად ბოლშევიკებმა ყაჩაღობა და ძარცვა-გლეჯა აირჩიეს, რასაც 1907 წლიდან მიჰყვეს კიდეც ხელი). ერთი სიტყვით, ბელადს შვეიცარიაში ცხოვრების ჟამს არ ჰქონდა შესაძლებლობა პარტიის ხარჯზე ეცხოვრა. შედეგად, იგი იძულებული იყო ასაკოვანი დედისაგან გაგზავნილი ფულით დაკმაყოფილებულიყო. ფულით, რომელსაც ბელადის დედა – მარია ალექსანდრეს ასული პენსიის სახით იღებდა იმ მეფის მთავრობისგან, რომელიც ასე საშინლად სძულდა მის ვაჟს. ამიტომაც ხუმრობენ ხოლმე – „მეფის ხელისუფლება თავად აფინანსებდა თავის ჩამოგდების პროცესსო”.
მარია საკუთარ ვაჟს, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი, სისტემატურად უგზავნიდა ფულს. მიუხედავად ამისა, 1916 წელს ლენინის ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკიდურესმა პესიმიზმმაც კი მოიცვა. „მე ვერ მოვესწრები რუსეთში რევოლუციის ხილვასო”, – წერდა მაშინ ვლადიმერი.
ალბათ რთული წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს 46 წლის ასაკამდე დედის პენსიით მოუხდა თავის გატანა. შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები ყველასათვის ცნობილია. ლენინმა არა მარტო გამდიდრებული პარტიული სალარო ჩაიგდო ხელში, არამედ უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაც მიაყოლა ზედ. – (ავტორი გენია.ჯი)