ერნესტ ტომპსონ სეტონი – „ეპიზოდი”
„მან ყველაფრის ფასი კარგად იცის და მაინც არაფერს აფასებსო” – ასე ამბობდა საკუთარი მამის შესახებ შოტლანდიური წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ბუნებისმეტყველი – ერნესტ ტომპსონ სეტონი (1860-1946 წლები), ვისი ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – ერნესტ ევონ ტომპსონი. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატრის მამა – ჯოზეფ ლოგან ტომპსონი ძალიან რთული ხასიათის კაცი იყო. გარდა ეგოიზმისა, ცინიკურობისა და ძალადობისკენ მიდრეკილებისა, იგი ასევე უკიდურესი სიძუნწით გამორჩეულ პიროვნებასაც წარმოადგენდა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კიდეც ის, რომ მისმა სახელოვანმა ვაჟმა შემდგომში გვარიც კი შეიცვალა. საცხოვრებლად კანადაში გადასვლის შემდგომ, პატარა ერნესტი დიდ დროს ტყეში მხოლოდ იმიტომ ატარებდა, რომ სასტიკ მამას თვალში ზედმეტად არ მოხვედროდა.
1881 წლის 23 ოქტომბერს, ანუ ერნესტის დაბადების დღეზე, საკუთარ ვაჟიშვილს თავისთან უხმო ჯოზეფმა. 21 წლის ასაკს სულ ახლახანს მიღწეული იუბილარი ყმაწვილი უკიდურესად გააოცა და გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ მამამ მას საბუღალტრო ჩანაწერების წიგნი აჩვენა, რომელშიაც დეტალურად იყო აღწერილი თუ რა დაუჯდა ჯოზეფს თავისი ვაჟის აღზრდა გაჩენის დღიდან. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, საბუღალტრო წიგნში ისიც კი იყო აღნუსხული, თუ რამდენი გადაუხადა თავის დროზე ჯოზეფმა ექიმს ერნესტის დაბადების ჟამს… საერთო ჯამში, ჯოზეფს 21 წლის ერნესტის გაზრდასა და აღზრდაზე – 537 დოლარი და 50 ცენტი ჰქონია დახარჯული. თუმცა, მამა მარტო ანგარიშს კი არ ადგენდა თურმე, მან შვილისაგან ზემოაღნიშნული თანხის უკანვე დაბრუნება მოითხოვა 6 პროცენტიანი სარგებლის თანხლებით. ფაქტობრივად, მამამ საკუთარ ვაჟს პროცენტით მოსთხოვა იმ ფულის დაბრუნება, რაც მის აღზრდა-განათლებას მოახმარა დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, ჯოზეფმა ერნესტს მშობლიური სახლის დროულად დატოვებაც მოსთხოვა, რადგან უკვე იგი სრულწლოვანი იყო და თავადვე შეეძლო საკუთარი თავის რჩენა.
ერნესტმა არა მხოლოდ დროულად დატოვა მშობლიური ბინა, არამედ მალევე გვარიც გადაიკეთა. უკიდურესად ძუნწ მამას კი დედის ხელით 6 პროცენტიანი სარგებლით გადაუხადა ვალი, რის შემდგომაც მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. ჯოზეფი და ერნესტი ისე გამოეთხოვნენ წუთისოფელს, რომ ერთმანეთს არც ერთხელ არ დალაპარაკებიან. – (ავტორი გენია.ჯი)