ანა სტიუარტი – „ეპიზოდი”
ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი - ანა სტიუარტი (1665-1714 წლები) პორტრეტებზე მხატვრებმა ისე ასახეს თავის დროზე, რომ მისი რისხვა არ დაემსახურებინათ. ამიტომაც არსად ჩანს სხეულის ის ზედმეტი წონა, რითაც ასე იტანჯებოდა ბრიტანეთის კათოლიკე მეფის – ჯეიმზ II სტიუარტის ქალიშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მაინც ცხოვრების მეორე ეტაპზე. (ავტორი გენია.ჯი) იმ გარემოებას, რომ ანა ერთობ მსუქანი ქალბატონი იყო, მისი უახლოესი მეგობარი ქალი – სარა ჩერჩილიც ადასტურებს. „უჩვეულოდ მსუქანიაო”, – ამბობდა კიდეც იგი. ამასვე ადასტურებს ინგლისელი მხატვრის – ჯორჯ სტიუარტის მიერ დამზადებული ანა სტიუარტის პორტრეტული თოჯინა, რომელიც სრულად შეესატყვისება სარა ჩერჩილის მონათხრობს.
სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში დედოფალი იმდენად გასუქდა, რომ სხვის დაუხმარებლად უკვე გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა. აღნიშნული გარემოების გამო, ფაქტობრივად, იგი უინძორის სასახლის „ტყვედ” იქცა. ყველაზე მეტად უზომოდ გასუქებულ ანას მაინც კიბეებზე გადაადგილება უჭირდა. და რადგანაც მონარქს ეგზომ უჭირდა გადაადგილება, მის პირად საძინებელში, რომელიც სამეფო სასახლის ცენტრალური (მისაღები) დარბაზის თავზე იყო განთავსებული, სპეციალურად იქნა ამოჭრილი მოზდრილი ლუქი იატაკზე, საიდანაც ჯალამბარის გამოყენებით უშვებდნენ დედოფალს დაბლა სართულზე აუცილებლობის შემთხვევაში (მოწყობილობა, რომელიც ტვირთს გადაადგილებს მოძრავი მოქნილი ელემენტების – ბაგირის ან ჯაჭვის საშუალებით).
რიგი წყაროების მტკიცებით, გარდაცვალების შემდგომ, ანა სტიუარტის ცხედარი იმდენად დიდი ყოფილა, რომ იგი ოთხკუთხა ფორმის მქონე კუბოთიც კი დაუკრძალავთ.
ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ანას გადამეტებულ სიმსუქნეს საკვების მიმართ მის „ბანალურ სიხარბეს” არ უკავშირებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს გამოწვეული გახლდათ რიგი დაავადებების გამოისობით. კერძოდ, დედოფალი იმთავითვე იტანჯებოდა ეპიფორითა და პოდაგრით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანა სტიუარტი თავისი ცხოვრების განმავლობაში 17-ჯერ იმყოფებოდა ფეხმძიმედ. რამდენიმე შემთხვევაში მას ნაყოფიც მოწყდა, რაც რაღა თქმა უნდა უცილობლად კვალს დატოვებდა მის ჯანმრთელობაზე. აკი დატოვა კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა სტიუარტის პორტრეტული თოჯინა (ავტორი ჯორჯ სტიუარტი)