ქეთრინ პარი – „ეპიზოდი”
ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის უკანასკნელი, რიგით მეექვსე ცოლი – ქეთრინ პარი (1512-1548 წლები), ვინაც თავისი ქმრის ყოფილ ცოლებს შორის ყველაზე მაღალ ქალს წარმოადგენდა (მისი სიმაღლე – 177 სანტიმეტრი იყო), როგორც აღმოჩნდა, დედოფლობისათვის პატარაობიდანვე ემზადებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის ინგლისში დადგენილი წესის თანახმად, ბავშვობის ჟამს იგი ხელსაქმეთა (კერვა, ქსოვა და ასე შემდეგ) შესწავლით უნდა დაკავებულიყო, თუმცა მან ამ საქმიანობათა შესწავლაზე უარი შემდგომი წინასწარმეტყველური სიტყვის თანხლებით განაცხადა: „ჩემი სათუთი ხელები სამეფო კვერთხსა და სამეფო სკიპტრას უნდა ეხებოდეს და არა ნემსსა და საქსოვ ჩხირებსო”.
ქეთრინს ყოველგვარი ხელსაქმის შესწავლა სძულდა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა საქმიანობებში უყვარდა თავის გამოჩენა. ასე მაგალითად: მოდური ჩაცმულობისა და კოსმეტიკური საშუალებების მოყვარული დედოფალი (მეფეზე დაქორწინებისთანავე პირველი რაც გააკეთა, გარდერობის სრული განახლება იყო) წარმოადგენდა იმ პირველ ინგლისელ ქალ-ლიტერატორს, რომელმაც გაბედა და საკუთარი ნაწარმოები თავისივე სახელით გამოაქვეყნა მშობლიურ ენაზე. „ლოცვები და განხილვები” – ასე ერქვა ქეთრინ პარის მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილ წიგნს. მანამდე ბრიტანელი მწერალი-ქალები თავიანთ ლიტერატურულ ქმნილებებს ანონიმი ავტორების სახელით აქვეყნებდნენ.
დედოფალი რამდენიმე ენის კარგად მცოდნეც გახლდათ. ცნობილია, რომ მან ლათინური ენიდან ინგლისურ ენაზე რიგი ფსალმუნებისა თარგმნა და გამოაქვეყნა. თუმცა ამ შემთხვევაში ანონიმურობა დაიცვა. ქეთრინს საკუთარი მეუღლის მსგავსად, ძალიან უყვარდა მუსიკა, თეატრი, ნადირობა, მშვილდიდან ისრის სროლა, შესანიშნავად ფლობდა ცეკვის ხელოვნებას და დიდებულად ერკვეოდა სახელმწიფოებრივ საკითხებში. მანვე დაარწმუნა ჰენრი VIII იმაში, რომ წიგნის კითხვის დროს სათვალეები გამოეყენებინა, რასაც ადრე სიკვდილივით გაურბოდა მონარქი.
მისდა საბედნიეროდ, ჰენრის სხვა ცოლებისაგან განსხვავებით, ქეთრინ პარის სიცოცხლე ეშაფოტზე არ დაუმთავრებია. იგი 1548 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა ცხელებით, რომელიც თან ახლდა მშობიარობის გართულებულ პროცესს. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი VIII ტიუდორი