ედვარდ გრიგი – „ეპიზოდი”
რომანტიკული ეპოქის გენიალური ნორვეგიელი კომპოზიტორი და პიანისტი – ედვარდ გრიგი (1843-1907 წლები), ვინაც საკუთარმა მშობლებმა და სანათესაომ იმის გამო მოიკვეთა და შეაჩვენა, რომ ბიძაშვილ გოგონაზე დაიწერა ჯვარი მათი მხრიდან მომავალი უკიდურესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერაფრით ვერ იწყებდა მუშაობას ხმაურიან გარემოში. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზით იგი თავის სამუშაო კაბინეტშიც კი განიცდიდა დისკომფორტს, რის გამოც მუსიკოსმა ბერგენთან ახლოს მდებარე შუაგულ ტყეში აიშენა ახალი სახლი. „ტროლჰაუგენი” ანუ „ტროლების ბორცვი” – ასე უწოდა სულ რაღაც 153 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მეტრმა ახალ საცხოვრებელ ბინას, სადაც რეგულარულად განმარტოვდებოდა ხოლმე და სრული ძალებით ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას (ეგზომ დაბალი სიმაღლის გამო ედვარდს მეგობრებმა ხუმრობით – „მინი-ვიკინგი” შეარქვეს). სწორედ რომ მოპოვებული სიმყუდროვის შედეგია 600-ზე მეტი რომანსისა და სხვა უამრავი მუსიკალური ნაწარმოებების დაწერა ედვარდის მიერ.
სკოლაში სიარული გრიგს საშინლად არ უყვარდა. მისთვის არც ერთი საგანი არ გახლდათ მნიშვნელოვანი, გარდა მუსიკისა. და, რადგანაც სკოლაში სიარული არ უყვარდა, ხშირად სპეციალურად ისველებდა სასწავლებელში ყოფნის ჟამს წყლით ტანისამოსს, რათა ამ გზით დაეღწია თავი მეცადინეობისთვის. წყლით გალუმპულ მოწაფეს სკოლაში მასწავლებლები, რაღა თქმა უნდა, არ აჩერებდნენ და მას ტანისამოსის გამოსაცვლელად უმალვე სახლში უშვებდნენ. თავის მხრივ, ედვარდი სკოლიდან მოშორებით ცხოვრობდა და სანამ იგი სახლამდე მივიდოდა, შემდეგ ტანისამოსს გამოიცლიდა და უკანვე სკოლაში მიბრუნდებოდა, მანამ უკვე გაკვეთილებიც დამთავრებული იყო. ამ მეთოდით, ერთ-ერთი წამყვანი ნორვეგიელი კომპოზიტორი თავს აღწევდა მისთვის ეგზომ არასასურველი საგნების შესწავლას.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგის შემოქმედების თაყვანისმცემლად მიიჩნეოდა თვით ნორვეგიის მეფე და ამასთანავე, თავადაც ნორვეგიელი იყო, სამუდამო პენსია მას სამშობლომ კი არა, მეზობელმა ქვეყანამ – შვედეთის სამეფომ დაუწესა „სიგურდ ჯვაროსანი”-ს მუსიკალური კომპოზიციის დაწერის გამოისობით. ამ დროს კი გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ისეთივე განუზომელი პოპულარობით სარგებლობდა ნორვეგიაში, როგორც შექსპირი – ინგლისში. – (ავტორი გენია.ჯი)