ლიკურგე – „ეპიზოდები”

ძველი საბრძნეთის ისტორიული ოლქის – ელადის მეფესთან – იფიტოსთან ერთად, ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე გახლდათ ის პირველი ადამიანი, ვისი უშუალო ინიციატივითაც დაწესდა ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის ჟამს მეომარ სახელმწიფოებს შორის – დაზავება.

* * *

ლიკურგეს მამა, სპარტის ნახევრადლეგენდარული მეფე – პრიტანისი, რომლის მმართველობის ჟამსაც ქვეყანაში უკიდურესი თავაშვებულება და უწესრიგობა სუფევდა, ერთ-ერთ ჩხუბში ჩაერია გამშველებლად, რა დროსაც მზარეულის დანის უნებურად ჩაცემას ემსხვერპლა.

* * *

ლიკურგეს მოღვაწეობის პერიოდში, ანუ ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეებში, ლაკედემონში (სპარტაში) 9 000 ოჯახი ცხოვრობდა. თითოეულ ოჯახს დიდმა სპარტელმა კანონმდებელმა თანაბრად გადაუნაწილა მიწები. შეუნიშნავს კიდეც ერთხელ სამშობლოში დაბრუნებულს, როცა მშობლიურ მიწაზე თანაბარ სიმაღლესა და მანძილზე დადგმული ძნები უხილავს – „მთელი ლაკონიკა ერთ სამემკვიდრეოს ჰგავს, რომელიც რიცხვმრავალ ძმებს გაუყვიათო”.

* * *

მისივე ინიციატივითა და ძალისხმევით დაკარგა ფულმა ყოველგვარი ფასი ლაკედემონში. ხმარებაში შემოიღო რკინის ფული, რომელიც მცირე ღირებულებასთან ერთად ისეთი მძიმე იყო და თან იმოდენა რომ, ათი მნის შესანახად სახლში დიდი საკუჭნაო უნდა აეგოთ, მის გადასატანად კი უღელი ხარი შეებათ ურემში. რკინის ფულის შემოღებით ლიკურგემ უამრავი სახის ბოროტმოქმედება განდევნა სპარტიდან. მართლაც, განა ვინ მოიპარავდა, ვინ აიღებდა ქრთამად ან ძალით გაიტაცებდა იმას, რის დამალვაც არ შეიძლებოდა, არასახარბიელო საქონელი იყო და დამსხვრევის შემდეგაც უსარგებლო რჩებოდა? ამბობენ, რომ ფულის გამოსაკვერად საჭირო რკინას ცეცხლში გამოწრთობის შემდეგ ლიკურგე სპეციალურად ძმარში აწყობინებდა, რათა ამ გზით სიმტკიცე წართმეოდა მას და ყოვლად უვარგისი გაეხადა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

ლიკურგეს მიერ გამოცემული მეორე რეტრა ფუფუნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამავე რეტრის თანახმად, ნებისმიერ სპარტელ მოქალაქეს თავისი სახლის მთელი სახურავი მხოლოდ ცულით უნდა გაეკეთებინა, კარი კი – ხერხით. სხვა სახის სამეურნეო იარაღის გამოყენება ასეთ შემთხვევებში დაუშვებელი გახლდათ. შედეგად, სპარტელი მოსახლეობის სახლები უბრალოებით იყვნენ გამორჩეულნი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>