პიერ ბომარშე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი დრამატურგის – პიერ-ოგიუსტ კარონის (1732-1799 წლები), იგივე – პიერ ბომარშეს მოღვაწეობის პერიოდში ავტორის მიერ წიგნის გამოცემა უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ცენზორები, გამომცემლები, ეკლესია, ფინანსები… ეს არასრული ნუსხაა იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ავტორები წიგნის გამოქვეყნების წინ დგებოდნენ. ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, შესანიშნავად უწყოდა გენიალურმა ფრანგმა ლიტერატორმაც, ვინაც თავისი უკვდავი ლიტერატურული ქმნილების – „ფიგაროს ქორწინების” გამოსაცემად ემზადებოდა. მისთვის ცნობილი დაბრკოლებებისათვის გვერდი რომ ტექნიკურად აეარა, პიერ ბომარშემ მანამდე გაუგონარ საშუალებას მიმართა: უპირველეს ყოვლისა მან – სტამბა შეიძინა, შემდეგ ქაღალდის მწარმოებელი ფაბრიკა, ბოლოს კი ტყის მოზრდილი კორომიც, რომლისგანაც საბოლოო ჯამში მზადდებოდა კიდეც ქაღალდი. ასე რომ, დღეისათვის ეგზომ პოპულარული პიესა – „ფიგაროს ქორწინება” ავტორმა მის მფლობელობაში არსებულ სტამბაში დაბეჭდა პირველად და დაბეჭდა იმ ქაღალდზე, რომელიც მისივე ტყეში მოჭრილი ხეებისაგან იყო წარმოებული.
სწორედ ამის შემდგომ მომრავლდა საფრანგეთში და ზოგადად, ევროპაში კერძო საგამომცემლო სახლები. იმატა არაკომერციული წიგნების რაოდენობამაც ბაზარზე, რამაც მყიდველისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა მათი შეძენა. – (ავტორი გენია.ჯი)