ჯონ ლენონი – „ეპიზოდი”
ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „ბითლზი”-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისელი მუსიკოსი – ჯონ ლენონი (1940-1980 წლები) ობოლი არ გახლდათ, თუმცა დედ-მამის მზრუნველობის ქვეშ მაინც არ გაზრდილა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ გაეყარნენ ერთმანეთს, როდესაც ჯონი სამი წლის ასაკში იმყოფებოდა. ამის შემდგომ, მამა უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა, დედამ კი, რომელმაც სხვა მამაკაცში ჰპოვა „ნუგეში”, იგი აღსაზრდელად საკუთარ დას – მიმი სმიტს მიაბარა. მან ლენონი ღვიძლი შვილივით შეიყვარა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯულია (ლენონის ბიოლოგიური დედა) ხშირად სტუმრობდა თავის პატარა ვაჟიშვილს, ლენონს გაცილებით დიდი, და, შეიძლება ითქვას, დედაშვილური სიყვარული მაინც მიმი სმიტის მიმართ გააჩნდა ყოველთვის.
აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თავისი პირველი გიტარა ჯონის სწორედ რომ დედამ უყიდა. იგი მხარს უჭერდა ლენონის მუსიკალურ გატაცებას. მიმი სმიტი კი პირიქით, თავისი შვილობილს ამ გატაცებას არ უწონებდა. „გიტარა – კარგი რამაა, თუმცა ის ვერ დაგეხმარება ცხოვრებისათვის საჭირო საარსებო წყაროს მოპოვებაშიო”, – ხშირად უმეორებდა ხოლმე იგი ლენონს.
მას შემდეგ, რაც ჯონი სახელოვან მუსიკოსთან ერთად ფინანსურად შეძლებული ადამიანიც გახდა, იგი ყველანაირად შეეცადა სათანადოდ დაეფასებინა დედობილის ამაგი. ამიტომაც უყიდა მან მიმი სმიტს ოკეანის სანაპიროზე ფეშენებელური ვილა, რომლის ფასადზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზე, უშუალოდ ჯონ ლენონის ინიციატივით, დატანილი იქნა ის სიტყვები, რომელსაც ასე ხშირად უმეორებდა ოდესღაც საყვარელი დედობილი მას – „გიტარა – კარგი რამაა, თუმცა ის ვერ დაგეხმარება ცხოვრებისათვის საჭირო საარსებო წყაროს მოპოვებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
მიმი სმიტი