რეზო ამაშუკელი – „ნიჟარა”

ისევ გაწვიმდა

ხვალინდელ იმედს

პატარა ეჭვი ბზარივით ახლავს,

და მაგიდაზე საფერფლეს მძიმეს

ესმის ტალღების სიმღერა ახლაც…

ამ ნიჟარაში ზღვა იყო ადრე,

ახლა ფერფლია

და ჩემი სევდა,

ასკილის ტოტი აწყდება სარკმელს,

რომ თვალი მოჰკრას შორიდან ზედანს!

გარეთ წვიმს,

მაინც როგორ წრიალებს

თიხის სურაში

ველური ტოტი!..

ზამთარი აღარ დააგვიანებს -

შორი ტყეებით ზამთარი მოდის!..

მე ტკივილებით ვინახავ ჯერაც

სიმღერას -

უკვე ძველსა და ჩავლილს,

აქა-იქ გაკრულ ამღვრეულ ფერადს

თანდათანობით გაუდის ყავლი…

ყვითელ გობელენს ედება კვამლი,

შეზავებული ზაფრანის ფერთან,

და მოგონება,

ვით შუშა წამლის,

ჭიქაში უხმოდ წვეთავს და წვეთავს.

კედელთან დაწვა

და გაიშალა

თამბაქოს კვამლის ცისფერი ზოლი…

და ისევ ესმის მძიმე ნიჟარას

სამხრეთის ზღვების

სიმღერა შორი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>