„ოლიმპიური დათვი” – (ეპიზოდი)
მოსკოვში 1980 წელს გამართული სკანდალურად ცნობილი ოლიმპიადის თილისმას – „ოლიმპიური დათვი” წარმოადგენდა და მისი ავტორი გახლდათ გამოჩენილი რუსი მხატვარ-კარიკატურისტი – ვიქტორ ჩიჟიკოვი. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პოპულარული „ოლიმპიური დათუნიაა”, რომლის შესყიდვაც მოსკოვის ოლიმპიადის დასრულების შემდგომ მოისურვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ იმ პერიოდის საარაკო ფასად – 100 ათას გერმანულ მარკად, თუმცა გასაგები მიზეზების გამო საბჭოთა მთავრობისაგან თავაზიანი უარი მიიღო.
„ოლიმპიური დათვი”-ს ავტორს ჰონორარი მუშაობის არც დასაწყისში მიუღია და არც დასასრულში. და როდესაც კუთვნილი გასამრჯელო მოითხოვა შესაბამისი სამსახურისგან, პასუხი ასეთი მიიღო: „ოლიმპიური დათვი” არანაირ თილისმას არ წარმოადგენს. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ დაამზადეთ გრაფიკული გამოსახულება ზომით 30 სანტიმეტრი 20 სანტიმეტრზე, სახელწოდებით – „მხიარული დათუნია”. შესაბამისად, მიიღებთ შესატყვის ჰონორარს – 250 მანეთის ოდენობით.
ავტორი იმდენად უკმაყოფილო დარჩა ეგზომ მოკრძალებული ჰონორარით, რომ მან ზემდგომ ინსტანციებს მიმართა საჩივრით. ჩიჟიკოვს საჩივარი ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა: მას ჰონორარი 1 500 მანეთის ოდენობით გამოუყვეს, თუმცა-კი, აიძულეს უარი ეთქვა საავტორო უფლებებზე. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოსკოვის ოლიმპიური სტადიონიდან საჰაერო ბუშტებით ცაში აშვებული „ოლიმპიური დათვი” დაშვებისას ერთ-ერთ ადგილობრივ ლუდხანას დაეცა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. საბედნიეროდ, ეს ინციდენტი, რომელიც მაშინ არსად გახმაურებულა, უმსხვერპლოდ დასრულდა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის მთავარი თილისმის წონა – 70 კილოგრამი იყო. სამწუხაროდ, დღეისათვის ეგზომ პოპულარული თილისმა – „ოლიმპიური დათვი” აღარ არსებობს, რადგან ის ისეთი მასალისგან იყო დამზადებული, რომელიც დრო-ჟამს ხანგრძლივად ვერ უძლებს.