თამაზ მეტრეველი – „ან ვინაა შეუმცდარი?”
გადაივლის ეს ზამთარიც,
ამ ყინულსაც აიღებს,
ეს ცხოვრებაც შეგვასწავლის,
საქმეს ნაირ-ნაირებს…
ჰო, ჯანდაბას, შევსვათ შხამიც,
თუნდაც სისხლში წავიდეს,
იმდენი გვაქვს სალოცავი,
ყველაფერს აგვარიდებს…
აქ რომ მოსწონთ, აქ რომ უყვართ,
ვინმეს სად გეგულებათ;
ერთ სიტყვას თუ გადაუკრავ,
აქ ცაც გადაბრუნდება…
მომე ხელი, მომე გული,
გული ბევრის მნახველი,
გული ხშირად დანისლული,
ხშირად სავსე ნაღველით…
ან ვინაა შეუმცდარი,
განა ქრისტე არ შეცდა?
გოლგოთაზე როცა ჯვარი,
აღმართა და ჯვარს ეცვა…
ვის რა ვუთხრა, რა შევჩივლო,
ჯერ ზამთარი წინ არის,
სხვაგან ყოფნას აქ გვერჩივნოს,
ვინმე მიწას მიგვაყრის…
დღეს დავკარგავთ, ხვალ ვიპოვით,
ბედი ასე ჩალიჩობს…
ცხრა ძმამ, ისევ ერთი თხილი,
გვიჯობს ძმურად გავიყოთ.