ანტიკური ხანის ყველაზე უცნაური ცოლ-ქმრის წყვილი
„დაუფიქრებლად იქორწინე. თუ გაგიმართლა – გამონაკლისი იქნები, თუ ცუდი ცოლი შეგხვდა – ფილოსოფოსი გახდებიო” – ამბობდა თავის დროზე ანტიკური ხანის გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – სოკრატე. „არ გაუმართლა და არ შეხვდა კარგი ცოლი რომის ლეგენდად ქცეულ იმპერატორს – მარკუს ავრელიუსს და ამიტომაც გახდა ფილოსოფოსიო”, – ასე მრავლისმეტყველად ხუმრობენ ისტორიკოსები რომის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მმართველისა და ზე-ჰუმანისტი ადამიანის შესახებ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მარკუსი ფილოსოფიით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, მაშასადამე მანამდე, სანამ იგი ერთობ „თავისუფალი ნების” პირმშვენიერ გოგონაზე, იმპერატორ ანტონიუს პიუსის ქალიშვილზე – ფაუსტინა უმცროსზე იქორწინებდა.
161 წელს რომის იმპერატორად – მარკუს ავრელიუსი ეკურთხა. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა საჯაროდ ცნობილი, რაოდენ აღვირახსნილი და გარყვნილი ქმედებებით გამორჩეული ქალი გახლდათ „გრეივსის დაავადების” მქონე ფაუსტინა. მაშინ, როდესაც ავრელიუსი კანონებსა და ფილოსოფიურ ტრაქტატებს ამუშავებდა, ისმენდა მოხსენებებს სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მისი მეუღლე არ ერიდებოდა და რომაელთა თვალწინ სრულ „თავისუფლებას” ეძლეოდა… მეძავად ქცეული ცოლის ქმედებები ავრელიუსისათვის კარგად იყო ცნობილი. ის კი არადა, მან ფაუსტინას საყვარლების სახელებიც იცოდა – ტერტულუსი, მოდერატუსი, ტუტილიუსი, ორფიტუსი… ასეთ შემთხვევაში უდიდესი ძალაუფლების მქონე მბრძანებელი უცილობლად თავებს დააყრევინებდა ცოლის საყვარლებს, თუმცა ჰუმანური მარკუსი ამაზე არ წავიდა. თავისი „ზე-ჰუმანურობა” მან მაშინ გამოამჟღავნა პირველად, როდესაც ვნებააღრეული ფაუსტინა მის მორიგ საყვარელთან – ტერტულუსთან ერთად იხილა საკუთარი თვალით საწოლში. ერთადერთი რამ, რაც მაშინ ავრელიუსს მოუმოქმედებია – ღრმა და მრავლისმეტყველი ამოოხვრა ყოფილა მხოლოდ.
იგი ასევე დიდსულოვანი მოთმინებით უყურებდა რომაულ ამფითეატრებში პიესებს, სადაც მარკუსი მოტყუებულ ქმრად იყო გამოყვანილი.
უახლოესი მეგობრები ავრელიუსს ფაუსტინასთან ქორწინების აქტის გაუქმებას ურჩევდნენ, თუმცა იმპერატორი უარს რჩვის მიღებაზე იმ მოტივით ამბობდა, რომ თავის დროზე სიტყვა ჰქონია მიცემული თავისი მამობილისთვის – ანტონიუს პიუსისთვის: იგი იმპერატორ-მამობილს დაპირებია, რომ არასოდეს დაშორდებოდა და მიატოვებდა მის ქალიშვილს – ფაუსტინას. „მე ჩემს დაპირებას ვერ დავარღვევო”, – ასე იცავდა თავის დაპირებას ავრელიუსი.
ამის ფონზე კი, ფაუსტინა კვლავაც ძველებურად განაგრძობდა „თავისუფალ” ცხოვრებას. ამ ყოვლად უსირცხვილო ქალს ჩვევად ჰქონია გაეტის სანაპიროზე გასვლა და ადგილობრივ მეზღვაურებზე დაკვირვება. იმას, ვისაც იგი სათავისოდ შეარჩევდა თურმე, თითის მოძრაობით თავისთან იხმობდა… რომში იმასაც კი ამბობდნენ, კომოდუსი ავრელიუსის კი არა, რომელიღაც გლადიატორის ვაჟიშვილიაო.
ყოველივე ამის ფონზე, ფაუსტინას ერთი შესანიშნავი თვისება გამოარჩევდა: იგი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც ასე აფასებდა და უფასებდა ავრელიუსი. რიგი ისტორიული წყაროების მტკიცებით, მარკუსს არასოდეს შეურაცხყვია თავისი როსკიპი ცოლი არც სიტყვით და არც საქციელით. ის კი არადა, იგი მას ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებითა და თავაზიანობით ექცეოდა. შედეგად, ავრელიუსის ოჯახში სრული „იდილია” სუფევდა კონფლიქტების მხრივ.
მას შემდეგ, რაც ფაუსტინა მოულოდნელად გარდაიცვალა, იმპერატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. იგი მაშინ ბავშვივით ატირებულა. „თავისი ვაჟის გარდაცვალება 5 დღე იგლოვა, ცოლის კი სამუდამოდო”, – შენიშნავდნენ ავრელიუსის თანამედროვეები, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მან რომის სენატისაგან მოითხოვა, ფაუსტინას კულტის დაარსება, რასაც მიაღწია კიდეც. რამდენიმე ხანში, „მარადიული ქალაქის” ქუჩებში მრავლად გაჩნდა „გაქალღმერთებული” ფაუსტინას ოქროსა და ვერცხლისაგან ნაკეთი ქანდაკებები. მის სახელზე ასევე რომში აიგო ერთობ მდიდრული ტაძარი, რომელშიაც რომაელი ქალბატონები ღირსეულ პატივს მიაგებდნენ თავიანთი დედოფლის ხსოვნას.
ფაუსტინასთან მიმართებაში ავრელიუსმა ყველა სხვა შეხედულებისაგან საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, რადგან მან თავის ცოლს მართლაც რომ უპატიებელი – აპატია. – (ავტორი გენია.ჯი)
ფაუსტინა უმცროსი