ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
1773 წელს, 17 წლის ასაკში მყოფი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ზალცბურგის არქიეპისკოპოსთან – ჰიერონიმუს ფონ კოლორედოსთან მოეწყო სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, ვინაც უკიდურესი სიძუნწით, უმადურობითა და ქედმაღლობით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, სათანადოდ აფასებდა მოცარტის მუსიკალურ ტალანტს, თავისი უხიაგი ხასიათიდან გამომდინარე მაინც რეგულარულად ამცირებდა გენიალურ თანამემამულე მუსიკოსს. (ავტორი გენია.ჯი) მოკლედ რომ ვთქვათ, ჰიერონიმუსი ისე ექცეოდა მოცარტს, როგორც უკანასკნელი რანგის ლაქიებს ექცეოდნენ მონარქები.
მისდამი დამამცირებელ დამოკიდებულებას მუსიკოსი ძალიან განიცდიდა. მან სცადა კიდეც ყოვლად ამაზრზენი ეპისკოპოსის სამსახურიდან წასვლა, თუმცა უშედეგოდ: კოლორედომ მოცარტის თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. თუმცა-კი, ამის შემდეგ ამადეუსმა ერთობ გამომწვევი ქცევა დაიწყო, რაც ძლიერ გაღიზიანებას იწვევდა ზალცბურგელ სასულიერო პირში.
ბოლო წვეთი, რომელმაც მოცარტის მოთმინების ფიალა საბოლოოდ აავსო, ისევ და ისევ მისი დამცირების ეპიზოდს უკავშირდებოდა. უფრო სწორად რომ ვთქვათ – მოცარტის „უკიდურეს დამცირებასა” და „შეურაცხყოფას”.
აღნიშნული ეპიზოდი კი, თავის მხრივ, შემდეგში მდგომარეობდა: ერთ მშვენიერ დღეს მოცარტს გაბრაზებულმა არქიეპისკოპოსმა უკანალში მთელი ძალით ამოჰკრა ჭიტლაყი. ეს იმდენად დიდი შეურაცხყოფა გახლდათ ამადეუსისთვის, რომ ყოველგვარი ჭოჭმანისა და თანხმობის გარეშე დატოვა სამსახური. „ის მე არ მჭირდება!” – ამ სიტყვებით გამოეხმაურა არქიეპისკოპოსი ჭიტლაყ-ამორტყმული მოცარტის სამსახურიდან წასვლის ცნობას.
სწორედ ამის შემდეგ გადავიდა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი საცხოვრებლად ვენაში, სადაც საბოლოოდ დაკავდა მუსიკით და დაწერა თავისი უკვდავი მუსიკალური ქმნილებები. ამიტომაც შენიშნავენ ხოლმე იუმორით, თუმცა კი მრავლისმეტყველად – „მოცარტის კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია უკანალში ნათავაზევმა ჭიტლაყმაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰიერონიმუს ფონ კოლორედო