კალიგულა – „ეპიზოდი”
რომის პათოლოგი იმპერატორის - კალიგულას (12-41 წლები) მიერ გამართული ზღაპრული ნადიმების შესახებ იმთავითვე ლეგენდები დადიოდა ხალხში. ფარშავანგები – ეგეოსის ზღვაში არსებული კუნძულ სამოსიდან; წეროები – კუნძული დელოსიდან; როდოსული ზუთხი; კოლხური ტუნა თევზი; აფრიკული ლოკოკინა; ძვირადღირებული კიტრი შორეული ინდოეთიდან; დაქარვული ბროწეული – კართაგენიდან; ქლიავი – დამასკოდან; ძეხვეული – იბერიიდან; საქონლის ხორცეული – გალიიდან… ღრმა ფუფუნების მოყვარული კალიგულას საიმპერატორო სუფრა ერთგვარი დემონსტრირება გახლდათ თავისი უზარმაზარი, ძლევამოსილი იმპერიის მასშტაბებისა და წარმატებული სავაჭრო ურთიერთობებისა, რომლებითაც რომი მსოფლიოს სხავდასხვა რეგიონში დაუბრკოლებლად სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი)
კალიგულას ზღაპრულ ნადიმს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი მონები ემსახურებოდნენ, რომლებიც ამ უზარმაზარმა იმპერიამ დაპყრო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. და, რაც უფრო მეტი იყო მონად ქცეული სხვადასხვა ერის შვილთა რაოდენობა, მით მეტი ეგზოტიკა და სილამაზე ეძლეოდა საიმპერატორო სუფრას. შედეგად, უფრო მეტადაც ფასობდა იგი.
გარდა მრავალფეროვანი ეგზოტიკური კერძებისა, კალიგულა ღვინოსაც ეტრფოდა. ამბობენ, იგი კარგი ღვინის სათანადოდ დამფასებელი პერსონაც იყოო. ამის გამო, ერთხელ მას პომპონიუს სეკუნდუსმა 160 წლოვანი დაძველების მქონე ღვინოც კი მიართვა.
იმისათვის, რომ ხალხი განეცვიფრებინა, კალიგულა ნადიმებზე მინიმუმ ას ადამიანს მაინც იწვევდა. სტუმრებს იგი ძვირფასი ტოგებითა და მეწამული ფერის სახვევებით ასაჩუქრებდა. ჭურჭლის სრული კომპლექტი, რომლითაც მონადიმენი სარგებლობდნენ, სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული. ის კი არადა, პურიც მოოქროვილი შემოჰქონდათ სუფრაზე ლაქიებს.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ კარგი ღვინისა და ეგზოტიკური კერძების მოყვარული იმპერატორი არავის ისე არ აფასებდა, როგორც პროფესიონალ მზარეულებს. და რაღა თქმა უნდა, თავის უსაყვარლეს ცხენს – ინციტატუსს. – (ავტორი გენია.ჯი)