ვლადიმერ ვისოცკი – „ეპიზოდი”
26 წლის ასაკში მყოფი, ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი რუსი მომღერალი, პოეტი და მსახიობი – ვლადიმერ ვისოცკი (1938-1980 წლები), ვინაც მთელი თაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა მოგვიანებით „რკინის ფარდით” შემოსაზღვრულ საბჭოეთში, დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ოჯახი – ფეხმძიმე ცოლი და პატარა ვაჟიშვილი უმუშევარი ხელოვანისათვის რთული სარჩენი გახლდათ. 1964 წლისათვის ვისოცკები უფულობის გამოისობით ნაქირავები ბინის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. სამსახურის მოძიება ვლადიმერისათვის პრობლემად იქცა, რადგან მის „სამუშაო წიგნაკში” შავით თეთრზე ეწერა, რომ იგი დისციპლინის დარღვევით გამორჩეული მოქალაქე გახლდათ. ამავე მიზეზით ჰქონდა აკრძალული ვისოცკის თავისი სამსახიობო მოღვაწეობაც. თუმცა აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ იმ პერიოდში მას საშუალო შესაძლებლობების მქონე მსახიობად მიჩნევდნენ მხოლოდ და ამიტომაც არავის ენაღვლებოდა მისი თეატრალური კარიერის მომავალი.
ფინანსურ სიძნელეებს თან დაერთო ვისოცკის ალკოჰოლიზმი. სისტემატიურმა ცხოვრებისეულმა წარუმატებლობებმა დამწყებ მსახიობს ფხიზლად ყოფნა შეაჯავრა. შედეგად ისიც გამეტებით ეტანებოდა და ეტანებოდა სპირტიან სასმელებს.
1 მაისისადმი მიძღვნილ ზეიმზე ვისოცკი კვლავაც საშინლად გამოთვრა. ქუჩაში დებოშით გამოსული მილიციამ შეაჩერა და მისი განყოფილებაში გადაყვანა მოისურვა. „ხელი გამიშვით, მე მსახიობი ვარ!” – მთელი ხმით გაჰყვიროდა საბჭოთა მილიციელების მიერ დაკავებული რუსი ხელოვანი, რაზედაც ამ უკანასკნელთ სიცილი წასკდათ – „ეს ლოთი არც ერთ ფილმში არ გვინახავსო”.
მილიციის განყოფილებაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში მყოფი ვისოცკი ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მისმა საშინელმა მდგომარეობამ, რომ მან თავის ჩამოხრჩობა სცადა. საბედნიეროდ, იგი ზედამხედველმა იხსნა სუიციდის ჩადენის აქტისაგან. ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა ვლადიმერის ცხოვრებაში. მას შემდეგ, ვისოცკის თავის მოკვლა აღარ უცდია, ან რაღაში სჭირდებოდა: მას ხომ უდიდესი წარმატება ხვდა წილად?! – (ავტორი გენია.ჯი)