ფრანსუა VI დე ლაროშფუკო – „ეპიზოდი”
უკიდურესი პატივმოყვარეობითა და დიდი ამბიციებით გამორჩეულმა ლაროშფუკოების არისტოკრატული გვარის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, სახელოვანმა ფრანგმა მწერალმა – ფრანსუა VI დე ლაროშფუკომ (1613-1680 წლები), ვისაც თავის დროზე უარი ეთქვა ეგრეთ წოდებული „ლუვრის პრივილეგიებით” სარგებლობაზე (მეფესთან და დედოფალთან თანდასწრებით სკამზე დაჯდომისა და ლუვრის სასახლის ეზოში ცხენშებმული კარეტით შესვლის უფლება, რომლითაც მხოლოდ სამეფო სისხლის წარმომადგენლები სარგებლობდნენ), ლიტერატურულ ასპარეზზე ფეხი მცირე მოცულობის მქონე ავტობიოგრაფიული ჩანაწერით შედგა, რასაც თან მემუარების დაწერაც მოჰყვა.
ლაროშფუკოს მიერ გამოქვეყნებულმა პირველმა წიგნმა, სახელწოდებით – „მაქსიმები”, საზოგადოება ავტორის მიმართ მკვეთრად უარყოფითად განაწყო. შედეგად წარმოიშვა სკანდალიც. ფრანსუას ლიტერატურული ქმნილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა გავლენიანი ფრანგი ჰერცოგის – სენ სიმონისათვის, რომ მან პარიზში არსებული ყველა წიგნის მაღაზია და ყველა წიგნით მოვაჭრე შემოიარა, რა დროსაც ლაროშფუკოს სკანდალურად ცნობილი თითოეული წიგნის ყდაზე შემდეგი სახის მქონე წარწერები დატოვა: „ავტორი ტყუის!”
გარდა სენ სიმონისა, „მაქსიმები” ასევე მკაცრად გააკრიტიკა ლაროშფუკოს ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, ფრანგმა მწერალმა ქალმა – მარი დე ლაფაიეტმაც. „როგორი გარყვნილი გონება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ყოველივე ეს დაწეროო!” – არ მოერიდა იგი მეგობარს.
„მაქსიმები”-ს გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით აკრძალა საფრანგეთის პარლამენტმაც. და მიუხედავად ეგზომ წარუმატებელი დებიუტისა ლიტერატურულ ასპარეზზე, ფრანსუამ მაინც მოახერხა ღირსეულად დაემკვიდრებინა თავი დიდ ფრანგ კლასიკოს მწერალთა შორის. – (ავტორი გენია.ჯი)