ალექსანდრე ყაზბეგი – „ეპიზოდი”
ცხელი რძისა და მჭადის, ამ საგლეხკაცო საჭმლის განსაკუთრებულად მოყვარულ დიდ ქართველ მწერალს – ალექსანდრე ყაზბეგს (1848-1893 წლები), ვისთვისაც ფულის ყადრი პატარაობიდანვე უცნობი იყო, ერთი პატარა მაიმუნი ჰყავდა, სახელად – ჟაკო. ამბობენ, შვილი არ ეყვარება ადამიანს ისე, როგორც ბუმბერაზ ქართველ ლიტერატორს უყვარდა იგიო. ჟაკო ალექსანდრემ ბათუმში ყოფნის ჟამს შეიძინა დანაგროვები ფულით და მას შემდეგ, შეძლებისდაგვარად მზუნველობა არ მოუკლია მისთვის. ერთი სიტყვით, უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილი მწერლის უახლოეს მეგობრად და თანამგზავრად პაწია მაიმუნი იქცა გარკვეული ხნის განმავლობაში. ლიტერატორი მას არასოდეს იშორებდა გვერდიდან – არც რეპეტიციების დროს თეატრში (რისთვისაც ხშირად საყვედურობდნენ, ხელს გვიშლისო) და არც რედაქციებში ვიზიტისას. ერთხელ ალექსანდრეს ჟაკო დაეკარგა კიდეც. „მასზე უსაცოდავესი არავინ ყოფილაო”, – ასე აღწერდნენ პატარა მეგობრის დაკარგვით დამწუხრებული ყაზბეგის მდგომარეობას მაშინ. საბედნიეროდ, მწერლის საყვარელი არსება ნაპოვნი იქნა.
ზემოთ ავღნიშნეთ, ალექსანდრემ ფულის ყადრი ბავშვობიდანვე არ იცოდა-თქო და ეს მართლაც რომ ასე იყო. ბავშვობაში უკიდურესად განებივრებული შეძლებული მშობლების ერთადერთი პირმშო უყაირათიანობამ იქამდე მიიყვანა დროთა განმავლობაში, რომ „დროების” რედაქციაში სამადლოდ მცხოვრები იძულებული გახდა საგვარეულო ძვირფასი სახარება გაეყიდა. მანვე თხუთმეტიოდე მანეთად გაყიდა დედამისის დანარჩენი ქორმანის საუკეთესო ხარისხის შალი. ბოლოს კი, ალექსანდრეს ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იგი თავის უსაყვარლეს არსებას – ჟაკოსაც შეელია სულ რაღაც – თუმნად, ათიოდე მანეთად. – (ავტორი გენია.ჯი)