ჯეიმზ გორდონ ბენეტი (უმცროსი) – „ექსცენტრიული მაგნატი”
სკანდალურ და სენსაციურ ინფორმაციებზე სპეციალიზირებული ყოველდღიური მსხვილტირაჟიანი ამერიკული გაზეთის – „New York Herald”-ის მფლობელი და მაგნატი – ჯეიმზ გორდონ ბენეტი „უმცროსი” (1841-1918 წლები), უკიდურესად ექსცენტრიული გამოსვლებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ნაოსნობაზე, პოლოზე, ჩოგბურთსა და საჰაერო ბურთით ფრენაზე ფანატიკურად შეყვარებული მილიონერი თავისი უცნაური და უხამსი გამოხდომებით ყოველთვის შოკში აგდებდა გარშემომყოფებს, რის გამოც მისი სახელი იმთავითვე იქცა – შოკისმომგვრელობისა და უხამსობის ერთგვარ სინონიმად ინგლისურენოვან სამყაროში.
ამერიკაში დასახლებული შოტლანდიელი ემიგრანტების ზღაპრულად მდიდარ ოჯახში დაბადებულმა ჯეიმზმა მემკვიდრეობით უზარმაზარი ქონება მიიღო, რომელიც მან დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა მის წარმატებულ ბიზნეს-საგამომცემლო მოღვაწეობას მუდმივად თან ახლდა ბენეტის ექსცენტრიული გამოხდომები. ასე მაგალითად: ბუ – გახლდათ იმ სახეობის ფრინველი, რომელსაც იგი რატომღაც განსაკუთრებით ეთაყვანებოდა. ამიტომაც აღამართინა მან თავისი გაზეთის რედაქციის სახურავზე ბრინჯაოსაგან დამზადებული უზარმაზარი ბუს ქანდაკება, რომლის თვალებიც ღამით ელექტრულად ინთებოდა და ანათებდა. ის კი არადა, ბენეტის სურვილი იყო, გარდაცვალების შემდგომ ბუს ფორმის მქონე მავზოლეუმში განეთავსებინათ მისი ცხედარი.
მას შეეძლო ფულის დასტა აგიზგიზებულ ბუხარში მხოლოდ იმის გამო შეეგდო და ფერფლად ექცია, რომ უბრალოდ ჯიბეში არ ჩაეტია; საცოლესთან სტუმრად მყოფი ისე გამოთვრა, რომ დამსწრე საზოგადოების წინაშე – როიალს მიაშარდა. სასიძოს მიერ გამოვლენილმა ეგზომ უხამსმა საქციელმა არა მარტო მოსალოდნელი საქორწინო ცერემონიალი ჩაშალა, არამედ საცოლის შეურაცხყოფილმა ძმამ იგი დუელშიც კი გამოიწვია; ზღვაზე მოგზაურობის ჟამს, თავის მდიდრულ იახტაზე ჯეიმზის ინიციატივით ყოველთვის დაბინავებული იყო ძროხა, რადგან იახტის მეპატრონეს ერთობ უყვარდა – ახალი რძით პირის გასველება; ერთხელ მან ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ იმის გამო შეიძინა, რომ მისი საყვარელი მაგიდა დაკავებული დახვდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჯეიმზი უხვად აფინანსებდა რიგ ავანტურისტულ ექსპედიციებს; მასიურად მოიხმარდა სპირტიან სასმელებს; აწყობდა ცხენშებმული კარეტების რბოლებს ქალაქის ქუჩებში სისხამ დილით; უყვარდა „ველური” საღამოების გამართვა, სადაც მთელი გაშმაგებით ეძლეოდა უხამს ვნებათა დაკმაყოფილებას. საინტერესოა ისიც, რომ ექსცენტრიულმა პლეიბოიმ 73 წლის ასაკში შეირთო პირველად ცოლი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჯეიმზმა ისე განვლო თავისი ცხოვრების გზა, როგორც სურდა, რაც ბევრს მართლაც რომ არ გამოსდის… – (ავტორი გენია.ჯი)