თამაზ მეტრეველი – „შემოდგომა”

მინდოდა მეგრძნო შემოდგომა თავის სისავსით,

რომ შერჩენოდა ის ფერები, რომელიც ჰქონდა…

ნაკადულების ნაპირებზე ბზინავდა ხავსი,

და ალუბალი მაყვლის ბარდთან სიზმრებზე ბჭობდა…

* * *

ჟინჟლავდა, სუსხი ძველებურად ძვლებში ატანდა…

ჩამოდიოდა მთის წვერიდან დაბლობში ნისლი…

ბოლოქანქარა დახტუნავდა ბებერ ატამთან

და თუთის ფოთლებს გაყინვოდა ძარღვებში სისხლი…

* * *

გადაბმულ ვაზებს აეწიათ თითქოს საყელო,

წნელის ღობეს კი გარღვეოდა მკერდთან პერანგი…

სარკმელს აჰკვროდა იასამნის შიშველი ღერო,

და ყეფდა ძაღლი მეზობლისა ხმის ჩახლეჩამდი…

კომენტარის დატოვება