მიშელ დე მონტენი – „ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე დიდი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი – მიშელ დე მონტენი (1533-1592 წლები), თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ერუდირებულ პიროვნებას წარმოადგენდა. იტალიურ კულტურასა და რომის ისტორიაზე შეყვარებულმა მამამ – სენ-მიშელ-დე-მონტენმა თავისი ვაჟი იტალიური ყაიდითა და იტალიური სულით აღზარდა. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის სპეციალურად იქნა დაქირავებული ლათინური ენის სპეციალისტი (მასწავლებელი). საყურადღებოა ისიც, რომ მონტენს სახლხში ლათინური ენის გარდა სხვა ენაზე არავინ ესაუბრებოდა, რაც იმას მოწმობს, რომ ძველ რომაელთა სამეტყველო ენას მასთან ოჯახში ყველა კარგად ფლობდა. ამიტომაც შეეძლო მას 6 წლის ასაკში ორიგინალში წაეკითხა ვერგილიუსი, ოვიდიუსი, ჰორაციუსი… სწავლობდა, როგორც თავად მოიხსენიებდა – „საფრანგეთის საუკეთესო სასწავლებელში”, რომელიც ბორდოში იყო განთავსებული. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, მიშელი დიდად ერუდირებული კაცი გახლდათ, რაც მის ავტორიტეტს განსაკუთრებით სდებდა ფასს. ამიტომაც აირჩიეს იგი მოგვიანებით ქალაქ ბორდოს მერად.
ცნობილია, რომ მონტენს იმთავითვე აწუხებდა ისეთი საშინელი დაავადება, როგორიც გახლდათ თირკმელებში კენჭის გავლა. აღნიშნული დაავადების განსაკურნებლად იგი თერმულ წყაროებზე გაემგზავრა იტალიაში (ტოსკანაში), სადაც აუწყეს კიდეც ბორდოს მერობა. ფილოსოფოსი მიღებულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო და შეეცადა კიდეც უარი ეთქვა ეგზომ დიდი პასუხისმგებლობის აღებაზე, თუმცა რიგი საპატივცემულო ადამიანების თხოვნით (მათ შორის საფრანგეთის მეფის თხოვნითაც), მიშელი საბოლოო ჯამში დათანხმდა ბორდოს მერობას.
მონტენი ქალაქს იმდენად კარგად ხელმძღვანელობდა, რომ იგი მეორედაც აირჩიეს ბორდოს მერად. მას მესამედაც უთუოდ აირჩევდნენ, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც თავის მხრივ, მონტენის არასახარბიელო საქციელთან იყო დაკავშირებული.
საქმე შემდეგში გარემოებაში მდგომარეობდა: XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბორდო შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის მერს თანამოქალაქეებისათვის მაგალითი მიეცა, მან თავისი ოჯახი ეპიდემიის გავრცელების დაწყებისთანავე გახიზნა ქალაქიდან. ეს კიდევ არაფერი… მიშელმა თავადაც მიატოვა ასეთი საშინელი გასაჭირის ჟამს მისი მხრიდან მზრუნველობის მომლოდინე ქალაქი და ხიზნად იქცა. მონტენს ბორდოს მოსახლეობამ ასეთი ქმედება არ აპატია და იგი მესამე ვადით ქალაქის მერად აღარ აირჩია. – (ავტორი გენია.ჯი)