ივანე აივაზოვსკი – „ეპიზოდი”
სომხური წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მარინისტმა-მხატვარმა - ივანე აივაზოვსკიმ (1817-1900 წლები) ბრიტანელი ექიმის მოკრძალებულ მოსამსახურე ქალიშვილზე – იულია გრევსზე იქორწინა, რითაც საზოგადოება დიდად განაცვიფრა. განცვიფრების მიზეზი ის გახლდათ, რომ სახელგანთქმულმა ხელოვანმა და შეძლებული არისტოკრატული ოჯახის შვილმა არჩევანი ეგზომ დაბალი სოციალური ფენის ქალიშვილზე შეაჩერა. (ავტორი გენია.ჯი) წყვილს თანაცხოვრებაში 4 შვილი შეეძინა – ელენა, მარია, ალექსანდრა და ჟანა. ერთი შეხედვით, აივაზოვსკების ოჯახში იდილია სუფევდა. ამიტომაც ჰგავდა მეხის გავარდნას ინფორმაცია ივანესა და იულიას განქორწინებაზე თითქმის 30 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ.
სწორედ ამის შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ის, რაც მათთვის მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო. როგორც აღმოჩნდა, აივაზოვსკი თავის მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე საზოგადოების თანდასწრებით ექცეოდა ადამიანურად, სხვა დროს კი მასზე მუდმივად ძალადობდა. მათ შორის ფიზიკურადაც. იყო შემთხვევა, როცა აივაზოვსკიმ ცოლს დახრჩობაც კი დაუპირა, თუმცა, საბედნიეროდ, გავეშებულ ქმარს სასიკვდილოდ განწირული ქალის ყელიდან ხელი ექიმმა ერგარტმა გააშვებინა დიდი ძალისხმევის შედეგად.
აივაზოვსკი იულიას შვილების წინაშეც უმკაცრესად ექცეოდა. „გვაკანკალებდა, როდესაც მისი ნაბიჯების ხმა გვიახლოვდებოდაო”, – იგონებდა მოგვიანებით იულია. სასტიკი ცხოვრებისეული რეჟიმისა და მორალური ზემოქმედების ქვეშ ყოფნამ დროთა განმავლობაში მხატვრის მეუღლე მძიმედ დაასნებოვნა. იმ სამი წლის განმავლობაში, რაც იგი სასტიკ ტკივილებს ებრძოდა საწოლში მიჯაჭვული, ივანე სახლში ძველებურად განაგრძობდა სტუმრების მიღებას, რა დროსაც საშინელი ტკივილებისაგან გამოწვეულ ცოლის გამეტებულ კივილებს, რომლებიც სამზარეულომდე აღწევდა, გულგრილად ექცეოდა და ყოველგვარი ყურადღების გარეშე ტოვებდა.
ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია დროთა განმავლობაში ისე დაიძაბა, რომ იულია იძულებული გახდა რუსეთის იმპერატორისთვის – ალექსანდრე II რომანოვისთვის გაეგზავნა თავისი ქმრის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი. „მისმა პატივმოყვარულმა და ეჭვიანმა ხასიათმა ივანეს მიმართ არა მარტო მორჩილება, არამედ უკიდეგანო შიშიც აღმიძრა. ახლა მხოლოდ იმას ვლოცულობ, რომ ჩემი შვილები და საკუთარი თავი ვიხსნა უხეში თვითნებობისგანო”, – აუწყებდა იგი მონარქს. ალექსანდრესადმი გაგზავნილი წერილის შესახებ მალე ცნობილი გახდა აივაზოვსკისთვის. „ამას იგი იმ მიზნით კი არ აკეთებს, ფიზიკურად რომ გამანადგუროს, არამედ მორალურად რომ მომკლას, რათა შემდეგ უკანონოდ მიისაკუთროს ჩემი ქონება და მამულებიო”, – მძვინვარებდა თურმე მაშინ ივანე.
საბოლოო ჯამში, იულიამ დესპოტი ქმრისგან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ხელი აივაზოვსკისაც არ შეუშლია. ცნობისათვის, ალიმენტის სახით მხატვარი თავის ოჯახს ყოველთვიურად 300 მანეთს უხდიდა სიცოცხლის ბოლომდე.
იულია აივაზოვსკაია 1900 წელს გარდაიცვალა, ყოფილ ქმარზე სულ რამდენიმე თვით ადრე. – (ავტორი გენია.ჯი)
აივაზოვსკების ოჯახი