ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები) ტიპიურ იპოქონდრს წარმოადგენდა (იპოქონდრია, რომელიც ერთ-ერთ უძველეს სამედიცინო ტერმინს წარმოადგენს მედიცინის ისტორიაში, გახლავთ ადამიანის დაუსაბუთებელი რწმენა იმაში, რომ სერიოზული დაავადებით არის შეპყრობილი, რის გამოც იგი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა). ასეთივე მდგომარეობასი იყო ანდერსენიც, ვინაც გამუდმებით უჩიოდა თავის ჯანმრთელობას. ამას ისიც მოწმობს, რომ ჰანსის პირადი დღიურები დაავადების სამედიცინო ისტორიებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ პირად დღიურებს, რომლებშიაც ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები და მოვლენები აღინუსხება.
ცნობილია ისიც, რომ დანიელ მეზღაპრეზე, ვისაც ძალიან უყვარდა მის მიმართ გამოთქმული ქების მოსმენა, კრიტიკა საშინლად დამთრგუნველად მოქმედებდა. ამ გარემოებას სკანდინავიელი ლიტერატორი თავადაც გულწრფელად აღიარებდა – „ჩემი სული მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ჩემი პერსონით აღფრთოვანებას გამოხატავენ ადამიანები. საკმარისია ერთადერთი დაეჭვებული ხმა ჩემი მისამართით, რომ უმალვე სულით ვეცემიო!”. – (ავტორი გენია.ჯი)