ტიციანი – „ეპიზოდი”
ვენეციური სახვითი სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა – ტიციანო ვეჩელიმ (1488-1576 წლები), ვისი სახელობის კრატერიც კი არსებობს პლანეტა მერკურიზე, მისდა, და ზოგადად რომ ვთქვათ, კაცობრიობისდა საბედნიეროდ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცოცხლა. საკუთარი საფლავისთვის განკუთვნილი „ქრისტეს დატირების” უკვდავი ძეგლის ავტორი ხელოვანი გასაოცრად კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში თითქმის არ უავადმყოფია. ის კი არადა, ხანდაზმულ ასაკში მყოფი გენიოსი ისევე ინარჩუნებდა კარგ მხედველობას, შესაშურ ყურთასმენას, ჯანსაღ აზროვნებასა და ხელის სიმტკიცეს (ის ხომ მუშაობის პროცესში ფუნჯით ხელში აღესრულა), როგორც ეს მას სიყმაწვილეში ახასიათებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეს უდიდესი ავტორიტეტის მქონე ხელოვანი 90 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. ასეთ ხანდაზმულ ასაკში გარდაცვალების შემთხვევა კი მართლაც რომ უიშვიათესი იყო იმ პერიოდის ევროპაში. ევროპაში, სადაც მაშინ კაცთა მოდგმის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ რაღაც ორმოციოდე წლით განისაზღვრებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)