ედგარ დეგა – „ეპიზოდი”
„მხატვარი ვალდებულია ყოველთვის იზოლირებული რჩებოდეს, მისი პირადი ცხოვრება სრულყოფილად არავისთვის არ უნდა იყოს ცნობილიო”, – წერდა თავის დროზე იმპრესიონიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, გენიალური ფრანგი მხატვარი – ილერ-ჟერმენ-ედგარ დეგა (1834-1917 წლები). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დროის დიდ ნაწილს იგი თავის სახელოსნოში ატარებდა. ასეთ შემთხვევებში მისი ერთადერთი თანმხლები და დამხმარე, ედგარის ასაკოვანი მსახური ქალი იყო.
ფრანგი ხელოვანი იმთავითვე ფოტოფობიით იტანჯებოდა (სინათლისადმი თვალის მომეტებული მგრძნობელობა, რაც ადამიანში იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. მათ შორის ცრემლდენას). შედეგად, ხელოვანი ღია სივრცეში სურათების ხატვას მაქსიმალურად ერიდებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ედგარს თვალში სინათლე თითქმის სულაც დაეშრიტა, რასაც იგი ძალიან განიცდიდა. ამ ავადსახსენებელი გარემოების გამო, ფრანგი ფერმწერი საყვარელ საქმეს უწინდებურად ვეღარ ეკიდებოდა. „ბრმისთვის ყველაფერი დაუსრულებლად გრძელდებაო”, – წუხდა ედგარი. იმ პერიოდში პოლ ვალერი დეგას – „პირქუშ და მრისხანებას აყოლილ ნერვიულ მოხუცად” ახასიათებდა, რაც ბევრის მეტყველი ფაქტია. – (ავტორი გენბია.ჯი)
P.S. ედგარ დეგას უმცროსი ძმა – რენე, რიგი გარემოებების გამო, დიდ ვალებში ჩავარდა. იმისათვის, რომ თავისი ძმის რეპუტაცია ეხსნა, მხატვარი იძულებული გახდა საკუთარი ბინაც კი გაეყიდა, ხოლო თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი რენესათვის მემკვიდრეობით გადაეცა.