ბობი ფიშერი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ებრაული წარმომავლობის მქონე სკანდალურად ცნობილი გენიალური ამერიკელი მოჭადრაკე – რობერტ ჯეიმზ „ბობი” ფიშერი (1948-2008 წლები), ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში სულ რაღაც თოთხმეტიოდე წლის ასაკში გახდა. შედეგად, იგი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად იქცა ამერიკული ჭადრაკის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი იმთავითვე ექსტრავაგანტული გამოხდომებით რომ ხასიათდებოდა, ქვემოთ მოყვანილი პატარა ისტორიაც კარგად მოწმობს.
„ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონობის მოპოვებამ ჭადრაკში ყმაწვილ ფიშერს საერთაშორისო არენისაკენ გაუხსნა გზა. შედეგად, მან უფლება მიიღო 1958 წელს იუგოსლავურ ქალაქ პორტოროჟეში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლისა. იმ პერიოდში აშშ-ის საჭადრაკო ფედერაცია არ აფინანსებდა ასეთი სახის შეჯიბრებებში მონაწილე მოჭადრაკეებს. ამერიკიდან იუგოსლავიამდე კი, მოგეხსენებათ, ძალიან შორი მანძილია. შესაბამისად, იქ გამზაგვრება ბევრ ფულთანაც იყო დაკავშირებული. ბევრი ფული ფიშერების ოჯახს არ გააჩნდა. თუმცა გააჩნდა უდიდესი ენთუზიაზმი და მოტივაცია იმისა, რომ რობერტი როგორმე გაეშვა ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე. განსაკუთრებით აქტიურად კამპანიაში მაინც ყმაწვილი მოჭადრაკის დედა – რეჯინა ფიშერი ჩაერთო. იგი საჯარო თხოვნით მიმართავდა სხვადასხვა ამერიკულ ორგანიზაციებს, მათ შორის პრესასაც, დაეფინანსებინათ მისი ვაჟიშვილის საგარეო ვოიაჟი. აწყობდა ხოლმე პერფომანსებსაც…
რამდენიმე ხანში რეჯინას აქტიურმა მონდომებამ შედეგი გამოიღო: ფიშერების ოჯახს დახმარება ერთ-ერთმა ბროდვეელმა მილიონერმა აღუთქვა. შედეგად, მომავალმა სპონსორმა რობერტი თავისთან მიიწვია ოფისში გასაცნობად. რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვის დასმის შემდეგ, მასპინძელი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. საქმესთან დაკავშირებით ფინანსურმა მაგნატმა ფიშერს ასეთი რამ განუცხადა: „ – ბობი, როდესაც შენ ამ საჭადრაკო ტურნირს მოიგებ და საუბარს გაუბამ კორესპონდენტებს, მაშინ ასეთი რამ უთხარი მათ: „მე ვერასოდეს ვერ მოვიგებდი ტურნირს ჩემი სპონსორის დახმარების გარეშეო”, და ჩემი ვინაობა დაუსახელე მათ”.
ბროდვეელი მილიონერის წინაპირობას ექსტრავაგანტულმა ბობიმ ელვისებური სისწრაფით გასცა პასუხი: „ – საჭადრაკო ტურნირებს მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ნიჭის წყალობით ვიგებ! ასეთ შემთხვევებში არასოდეს არავინ არ მეხმარება! არც ვსაჭიროებ დახმარებას! მე თავად ვთამაშობ!”
…და ფიშერმა საპასუხო სიტყვის დასრულებისთანავე დატოვა ოფისი. – (ავტორი გენია.ჯი)
ბობი ფიშერის დედის მიერ გამართული ერთ-ერთი აქცია, რომელიც საკუთარი ვაჟის იუგოსლავიაში გამგზავრებასთან იყო დაკავშირებული