ჯემალ ჩახავა – „ვილაპარაკოთ”

უპირველესად არის თემა,

შემდეგ კი ლექსი,

ანაღდებს მუზა

შარშანდელ თუ წლევანდელ ვექსილს…

* * *

მამულზე დასწერ? რა სჯობია

მამულზე ფიქრებს,

ან სიყვარულზე, ან ტრაქტორზე

ან კიდევ იქნებ…

* * *

არის მრავალი თემა ქვეყნად,

არ უნდა ფიცი,

ბევრ კარგ თემაზე

დაწერილი ლექსები ვიცით.

* * *

ვიცნობ მაესტროს

ერთი თემის ერთგულს მარადის

და მას ქონება, ასე რომ ვთქვათ,

თავზე გადასდის.

* * *

დღევანდელ დღეს კი

სხვანაირი სჭირდება ჩანგი,

პუბლიცისტიკა პოეზიის

დიდია რანგი,

თუკი მის უკან

დგას პოეტი, პოეტი ნაღდი,

და ყოველ სიტყვას თუ

სიმართლის ალმური ასდის.

* * *

ვილაპარაკოთ, სატკივარი

ცოტაა ნეტავ,

მშვიდობის დროში

განა ცოტა ატირდა დედა,

ვიცით, რომ ორი, ორი მხარე

აქვს ყოველ მეტალს,

იმ ერთი მხარის გასხივებას

მე თუკი ვბედავ -

თქვენ მოგიწოდებთ, მეგობრებო

და ძმანო კალმის,

დღეს გაჩუმება არ ვარგია,

ვფიცავარ, არვის.

* * *

ნუთუ ჩვენს შვილებს

დავაკელით რამე, ვბოჭავდით…

რომ მათ რიგებში

უზნეონი ასე მოჭარბდნენ.

დასაბამიდან ნათელია,

არვინ იზრდება

არაკაცებად, ხულიგნებად,

მორფინისტებად.

* * *

რაშია საქმე, ვერ შევძელით,

შვილთა მორევა,

ვერ ჩავაყენეთ კალაპოტში

მათი ცხოვრება.

მამაპაპური გადვუჭირეთ

როდისმე სახრე?

ახლა ძნელია, ვერ ვერევით,

ეგ არის საქმე?!

* * *

საქართველოში ოდითგანვე

იყო საშიში,

ურწმუნოება, ათი ცოლი,

კიდევ ჰაშიში…

ებრძოდა ერთი

სამსაც, ხუთსაც,

ზოგჯერ კი ათსაც,

და მტრებს მოხტომა

უჯდებოდათ სიცოცხლის ფასად.

* * *

მოჰქონდათ თავი წინაპრებით,

ვაზით და ლექსით,

და დიდ ერებსაც

სჯობდნენ კიდეც

ცხოვრების წესით.

* * *

არტახებს გლედნენ

პაწაწინა შვილნი ივერთა,

დედასამშობლოს ედგნენ მერე

უკვდავ იმედად.

* * *

შენ კი რა მოგდის,

რად შეგეჭრა, მითხარი, ეშმა,

სხვათა ცხოვრების ჩაგითრია

ბინძურმა ეშხმა…

* * *

ღმერთმა არა ქნას,

ეხებოდეს ეს ლექსი ყველას,

ან აღარ მქონდეს

ხვალინდელი იმედი, რწმენა,

ქართველ ქალ-ვაჟებს

ომის დროსაც, მშვიდობის დროსაც

არ დაუხრიათ საქართველოს

ლამაზი დროშა.

* * *

მაშ რად არ ბაძავთ

იმ ჭაბუკებს და იმ გოგონებს?

და ათასგვარი უზნეობის

ასე მომგონებს

რატომ უხდებით მიმბაძველად.

მერე ძმაბიჭად,

ვინღა დაგწყევლათ,

ანდა რაღა ღმერთი გაგიწყრათ.

* * *

ტარება უნდა შესძლოთ ყველამ

თავზე ქუდისა.

კაცობა არის შექმნათ სწორი,

თუნდაც მრუდისგან.

გამოსწორება შეიძლება

(ღალატის გარდა),

ახალგაზრდებო, უზნეობას

მოვგლიჯოთ ფარდა.

* * *

ვიცი, ჩვენც ბევრი დაგაკელით,

მართლაც ასეა,

სულ სხვა მიზნები ეგუება

ქართულ ხასიათს.

ვიცით, სად არის უკეთური

იგი სათავე,

აღარ მიუშვათ, ჭაბუკებო,

ისევ სადავე

და ეგ ცხოვრება

სიკეთეში მოათავთავეთ.

* * *

დედასამშობლოს

ხომ რჩეული

უნდა შვილები,

შრომაში, ჭირში,

განსაცდელში გამოცდილები,

ხედავთ, რა დროა,

მეგობრებო, დროა ატომის,

თქვენ უნდა იყოთ

ხვალ ამ ქვეყნის

ბატონ-პატრონი.

და ამიტომაც გონს მოგება

გვმართებს დროითად,

თორემ ცხოვრება ბევრ განსაცდელს

კვლავაც მოგიტანთ.

ათასი გზაა ვაჟკაცური,

ოღონდ ინებოთ,

მაშ, მოდით გონზე,

გონზე მოდით, ჩემო შვილებო.

კომენტარის დატოვება