ჯემალ ჩახავა – „ჩიტი”

გალიაში ზის პატარა ჩიტი,

თვალებით ზომავს მუშტარს ბეხლეწი,

და ამ სიმდიდრეს შვიდ თუმნად ჰყიდის,

აღარ დაგიკლებს, ბევრიც ეხვეწო.

* * *

აგვისტოს ბუღი ტრიალებს დახლთან,

ქარვისფერ ნისკარტს შევყურებ შიშით.

გადაწყდა: ისე ახლო ვარ სახლთან,

ჩვენს დროში ვინღა მოუკლავს შიმშილს.

* * *

ვუთვლი ფულებს და მინდა ძალიან,

სახე რომ მქონდეს საოცრად მშვიდი.

და მიმაქვს სახლში თეთრი გალია,

თეთრი გალია და მკვდარი ჩიტი.

კომენტარის დატოვება