ანა ახმატოვა – „ეპიზოდი”
შესაძლოა საკვირველი იყოს, თუმცა ფაქტია, რომ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას რუსულ ლიტერატურაში – ანა ახმატოვას (1889-1966 წლები), საშინლად სძულდა წლის ისეთი დიდებული თვე, როგორიც გახლავთ – აგვისტო. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, აღნიშნულ გარემოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ტრაგიკული მოვლენა განაპირობებდა, რომლებმაც პოეტი ქალის ცხოვრებაში მართლაც რომ უკიდურესი დისონანსი შეიტანა. მაინც რატომ ეჯავრებოდა და ეშინოდა მას აგვისტოს თვის ასე ძალიან? რატომ მიიჩნევდა იგი ზაფხულის ამ უმშვენიერეს თვეს ტრაგიკულ და საბედისწერო თვედ? – პასუხი დასმულ შეკითხვაზე ასეთია:
1914 წლის აგვისტოში – რუსეთის იმპერია ჩართული იქნა პირველ მსოფლიო ომში, რასაც შედეგად ასიათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა თან. გარდა კაცობრიობის სვე-ბედზე დარდისა, ახმატოვა იმასაც ძალიან განიცდიდა, რომ სწორედ აგვისტოს თვეში გაიწვიეს ფრონტზე ჯერ კიდევ მისი მეუღლე – ნიკოლოზ გუმილიოვი;
1915 წლის აგვისტოს თვეში – ანას მამა – ანდრეი გორენკო გარდაეცვალა;
1921 წლის აგვისტოში – აღესრულა პოეტის უახლოესი მეგობარი და კუმირი ლიტერატორი – ალექსანდრე ბლოკი;
იმავე წლის აგვისტოს თვეში – დაპატიმრებული და შემდეგ დახვრეტილი იქნა ახმატოვას უკვე ყოფილი მეუღლე – ნიკოლოზ გუმილიოვი, რამაც განსაკუთრებულად დამთრგუნველად იმოქმედა მასზე;
1924 წლის აგვისტოში – მისი მეგობრის – ალექსანდრე ბლოკის ხსენების დღეს ლენინგრადი საშინელმა წყალდიდობამ წალეკა;
1938 წლის აგვისტო – ამ დღეს კონტრევოლუციის ბრალდებით მესამედ იქნა დაკავებული ანასა და ნიკოლოზის საერთო შვილი – ლევ გუმილიოვი, რომლის შეწყალების თხოვნითაც მან თვით იოსებ სტალინსაც კი მიმართა;
1946 წლის 14 აგვისტოს – პოპულარულ საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში ახმატოვას შესახებ დაბეჭდილი იქნა „გასაშავებელი” სტატიები, სადაც იგი მოიხსენიეს როგორც – „ყოვლად გამოფიტული პოეტი ქალი”. იმავე თვეში საბჭოთა ცენზურამ აკრძალა ანას შემოქმედების საჯარო გამოქვეყნება და იგი მწერალთა კავშირიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გარიცხეს;
1949 წლის 26 აგვისტოს – დაიჭირეს ახმატოვას შემდგომი ქმარი – ნიკოლაი პუნინი, რომელიც 4 წლის შემდეგ აღესრულა იმავე თვეში შორეულ ვორკუტაში არსებულ გულაგში.
აი ის მიზეზები, რის გამოც ასე საშინლად სძულდა ახმატოვას – აგვისტოს თვე! – (ავტორი გენია.ჯი)