ძმები გრიმები – „ეპიზოდი”
XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ყველასათვის ცნობილი გერმანელი მეზღაპრე და ლინგვისტი ძმები – იაკობი და ვილჰელმ გრიმები, რომელთა მიერ დაწერილ ზღაპრებსაც ილუსტრირებას მათივე ძმა – ლუდვიგ ემილი უწევდა ხშირ შემთხვევებში, იმთავითვე ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული გასაგები მიზეზების გამოისობით. (ავტორი გენია.ჯი) ორივე მათგანი (იაკობიც და ვილჰელმიც) ისე შეაკავშირა განუზომელმა ძმურმა სიყვარულმა და საერთო საქმემ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ეს სახელოვანი ძმები მართლაც რომ დიდებულად ავსებდნენ ერთმანეთს. ამიტომაც უჭირდა ასე ძალიან უერთმანეთოდ გაძლება ორივე მათგანს. ასე მაგალითად: პარიზში დროებით მყოფი იაკობის სიშორე ისე განიცადა ვილჰელმმა, რომ მან თავის ძმას შემდეგი სახის წერილი მისწერა: „როდესაც პარიზში წადი, მომეჩვენა, რომ ეს-ესაა გული გამისკდება-თქო. მომეჩვენა, რომ ამის გადატანას ვერაფრით შევძლებდი და შევეგუებოდი. იაკობ, ძმაო, შენ ვერც კი წარმოიდგენ, თუ რაოდენ ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის!”
დროებითმა განშორებამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ძმებ გრიმებზე, რომ პარიზიდან იაკობის დაბრუნების შემდეგ, მათ მტკიცე ფიციც კი დადეს – აღარასოდეს დაშორდებოდნენ ერთმანეთს და ეცხოვრათ და ემუშავათ ერთად და ერთობლივად.
ვილჰელმი იაკობზე ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა. და როდესაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების ჯერიც დადგა, მომაკვდავმა ლიტერატორმა სიკვდილის წინ ერთადერთი რამ ითხოვა. მისი ბოლო სურვილი იყო, უკანასკნელად დაეხედა თავისი უსაყვარლესი ძმის – ვილჰელმის პორტრეტისთვის.
ერთმანეთზე ეგზომ შეყვარებული ძმები არც იმიერში „განშორებიან” ერთმანეთს, რადგან ლეგენდად უკვე ქცეულები გვერდიგვერდ დაკრძალეს ბერლინის სასაფლაოზე. – (ავტორი გენია.ჯი)