უცნაური პრემია – „ფეხი პირში”
ინგლისური არასამთავრობო კომერციული ორგანიზაციის – „Plain English Campaign”-ის მიერ 1993 წელს დაარსებული იქნა მეტად უცნაური სახელწოდების მქონე ყოველწლიური პრემია – „ფეხი პირში”, რომელიც გადაეცემა საჯარო პირებს – „ყოვლად გაუგებარი და უაზრო კომეტარების გაკეთებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ აღნიშნული „ჯილდო” 20-ჯერ იქნა გაცემული. პირველი ლაურეატი პრემიისა გახლავთ კრიკეტში ინგლისის ნაკრების ყოფილი და მეტად აგრესიული წევრი – ტედ დექსტერი. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული პრემიით სულ ორად ორი ადამიანი დაჯილდოვდა ორგზის – ბორის ჯონსონი (გაერთიანებული სამეფოს პრემიერი) და ცნობილი უელსელი პოლიტიკოსი – როდრი მორგანი. გარდა ამისა, პრემია „ფეხი პირში” თავის დროზე გადაეცა საზოგადოებისათვის ცნობილ ისეთ ადამიანებს, როგორებიც გახლავან – გორდონ ბრაუნი, ნაომი კემპბელი, რიჩარდ გირი, დონალდ რამსფელდი, ჯორჯ ბუში (უმცროსი), მიტ რომნი, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი და სილვიო ბერლუსკონი. ამ უკანასკნელს პრემია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის – ბარაკ ობამას დასახასიათებლად გამოყენებული სიტყვებისათვის გადაეცა. „ლამაზი, ახალგაზრდა და გარუჯული”, – ასე დაახასიათა სკანდალურად ცნობილმა იტალიელმა პოლიტიკოსმა აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი 2011 წელს.
ყველაზე ხშირად ამ მეტად უცნაური სახელწოდების მქონე პრემია პოლიტიკოსებს აქვთ მინიჭებული… საერთო ჯამში – 14-ჯერ. ბოლო მფლობელი „ჯილდოსი” გახლავთ ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლორდ-კანცლერი – დომინიკ რააბი. – (ავტორი გენია.ჯი)