კრისტიან ბარნარდი – „ეპიზოდი”
პირველი ექიმი მედიცინის ისტორიაში, ვინაც გულის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია განახორციელა ადამიანიდან ადამიანზე 1967 წელს, ცნობილი სამხრეთ აფრიკელი კარდიოქირურგი – კრისტიან ბარნარდი (1922-2001 წლები) გახლდათ. 1967-1974 წლებში 133 სხვადასხვა პრესტიჟული პრემიის მფლობელმა მედიკოსმა საერთო ჯამში – 10 ტრასპლანტაცია განახორციელა გულისა. (ავტორი გენია.ჯი) კარდიოლოგიის ამ ბრწყინვალე ქირურგს მედიცინის გარდა სხვა გატაცებაც გააჩნდა. კერძოდ, კრისტიანი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დიდი მოტრფიალე იყო და უამრავი საყვარელი ქალიც გააჩნდა თავისი ცხოვრების განმავლობაში. ის კი არადა, დიდების ზენიტში მყოფ ბარნარდს სასიყვარულო რომანი ჰქონდა გაჩაღებული იტალიური კინოს ისეთ ვარსკვლავთანაც, როგორიც გახლდათ პირმშვენიერი – ჯინა ლოლობრიჯიდა.
სიცოცხლის დაისში მყოფმა სამხრეთ აფრიკელმა მედიკოსმა, თავისი მექალთანეობის შესახებ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მეტად საინტერესო განმარტება გააკეთა ჟურნალისტთან. განმარტება, რომელიც კარგად ასახავს მის პირად დამოკიდებულებას მშვენიერთა სქესის წარმომადგენელთა მიმართ: „ალბათ, სწორედ რომ ჩემი მექალთანეობა იყო მიზეზი ყველა იმ უამრავი უსიამოვნებისა, რომელიც ცხოვრებაში შემხვდა, რადგან ისე არ ვიქცეოდი, როგორც ეს სახელგანთქმულ ექიმს შეჰფერის. მე ძალიან მიყვარდა მანდილოსანთა საზოგადოებაში ტრიალი და სადღესასწაულო წვეულებები. ახლა რომ ჩემთვის „ნობელის პრემიასა” და ლამაზ ქალს შორის არჩევანის გაკეთება შემოეთავაზებინათ, მე მაინც ლამაზი ქალის არჩევას ვამჯობინებდი უცილობლად”. – (ავტორი გენია.ჯი)