ანა ლამინიტის შესახებ…
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში დაბადებულმა ქალმა – ანა ლამინიტმა (1480-1518 წლები), ვისაც ფულის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვა ბავშვობის ასაკიდანვე და, ვინაც აფერისტობის „შესაშური”უნარით იყო „დაჯილდოვებული” იმთავითვე, მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდგომ, 1497 წელს ერთობ გამაოგნებელი განცხადებით განაცვიფრა თანაქალაქელები. (ავტორი გენია.ჯი) პროსტიტუციისა და აღვირახსნილი ცხოვრების გამო ოდესღაც „სამარცხვინო ბოძზე” განაკრავი და განამათრახები ქალი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ იგი მაღალმა ღმერთმა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაგან სრულად გაანთავისუფლა. შედეგად, მისი მტკიცებით, ლამინიტს 14 წლის განმავლობაში არ მიუღია არანაირი საკვები და არ უსარგებლია საპირფარეშოთი, რათა იქ ბუნებრივი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა.
რამდენიმე ხანში თაღლითი „მოლოზონი” საქვეყნოდ გახდა ცნობილი. და არა მარტო ცნობილი… მის სიტყვებს ბევრი გულუბრყვილო მორწმუნე ადამიანი მიენდო. ფულისა და კარგი ცხოვრების სიყვარულით დაბრმავეულმა ქალმა ამ საშუალებით – მიმდევრებთან ერთად, სოლიდური შემოსავლებიც მიიღო. საქველმოქმედო მიზნების შირმით, „ცოცხალ წმინდანად ქცეული” ლამინიტი უამრავ ფულს ხვეტდა მოსახლეობაში, რომელსაც შემდგომ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა მხოლოდ. გარდა „საქველმოქმედო მოღვაწეობისა”, იგი წინასწარმეტყველებისა და რჩევების მიცემისთვისაც იღებდა ხალხისგან სოლიდურ გასამრჯელოებს. დროთა განმავლობაში, ანას სახელი გერმანიის ფარგლებსაც კი გასცდა. ამიტომაც იყო, რომ აუგსბურგს უამრავი მომლოცველი მიაწყდა გერმანიის სხავადასხვა ქალაქებიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან.
ყოველივე ამის ფონზე კი, ლამინიტს პროსტიტუციის ძველი ჩვევა არ დაუგდია და ერთობ გასაიდუმლოებულ ვითარებებში მისდევდა აღვირახსნილი ცხოვრების წესს. როგორც შემდგომში გაირკვა, მის ერთ-ერთ საყვარელს, თურმე, იმ პერიოდში მდიდარი გერმანელი ვაჭარი – ანტონ ველზერი წარმოადგენდა, რომელთანაც ვაჟიშვილი გაუჩნდა.
თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, „არა არს დაფარული, რომელი არა გამჟღავნდეს”… და ასე მოხდა ამ ყალთაბანდი როსკიპის შემთხვევაშიც.
ერთხელაც, ლამინიტის „წმინდანობაში” დაეჭვებულმა საღვთო რომის იმპერიის ერჰერცოგინიამ – კუნიგუნდა ავსტრიელმა იგი თავისთან მიიწვია ზღაპრულად მდიდრულ სასახლეში, სადაც მასზე საგულდაგულო დაკვირვება დაიწყეს. სპეციალურმა სათვალთვალო ხვრელებმა, რომლებიც ოთახის კედლებში მრავლად იყო გაყვანილი, საბოლოო ჯამში ანა ლამინიტის თაღლითობას ფარდა ახადა. როგორც აღმოჩნდა, მრავალი დღით საძინებელში გამოკეტილი ქალი როგორც კი მოისაქმებდა, მონასაქმებს (განავალს) ღამით ფანჯრიდან ყველასაგან მალულად იშორებდა თავიდან.
მას შემდეგ, რაც ლამინიტი ყალთაბანდობაში იქნა მხილებული, კუნიგუნდამ თავი მოუყარა სასულიერო პირებს და სიმართლე ამცნო. ბოლოს კი, ერჰერცოგინიამ სწორედ რომ მათ თვალწინ აიძულა თაღლითი ქალი, მის მიერ წინა ღამით ფანჯრიდან გადაგდებული თავისივე განავალი – შეეჭამა.
მოგვიანებით ანა დააპატიმრეს და აფერისტობის უამრავი ფაქტისთვის – სიკვდილით დასაჯეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა ლამინიტი
კუნიგუნდა ავსტრიელი