მორის უტრილო – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგი მხატვარი ქალის – სუზანა ვალადონის ვაჟიშვილი – მორის უტრილო (1883-1955 წლები), ვისი ნამუშევრებითაც თავის დროზე აღტაცებას ვერ მალავდნენ – ამადეო მოდილიანი, კამილ პისარო და ალფრედ სისლეი, ალკოჰოლზე უკიდურესად დამოკიდებული ფერმწერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, იგი ხშირად თვრებოდა უგონოდ. სიმთვრალე კი ვალადონის ვაჟს მართლაც რომ ამაზრზენი ჰქონია თურმე, რის გამოც ძალიან შეწუხებული იყვნენ მეზობლები. იმისათვის, რომ მოსალოდნელი დებოშები როგორმე თავიდან აეცილებინათ, გადამთვრალ უტრილოს ოჯახის წევრები საძინებელში კეტავდნენ. თუმცა, ყოველი ასეთი ჩაკეტვა იმით სრულდებოდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხელოვანი ფანჯრის მინებს ამსხვრევდა და გამეტებულად გაჰყვიროდა, – მოკვლას მიპირებენო. ერთხელ იგი ოთახში მთელი ერთი კვირის განმავლობაშიც კი გამოკეტა სუზანამ, რა დროსაც საგულდაგულოდ ჩაკეტილ ვაჟს საკვებს ფანჯრიდან აწვდიდა თოკის საშუალებით.
როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, სპირტიანი სასმელების მასიურმა მოხმარებამ უტრილოს ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა. შედეგად იგი ფსიქიატრიული კლინიკის ხშირ პაციენტად იქცა. ერთხელ, მორიგი გამოთრობის შემდეგ, ვალადონის ვაჟი კვლავაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა. მის მოსანახულებლად მისულმა ერთ-ერთმა მეგობარმა შესძლო და საავადმყოფოში ერთი ბოთლი ღვინო მალულად შეიტანა. ალკოჰოლიკი პაციენტი იმდენად ააღელვა ღვინით სავსე ბოთლმა, რომ ნერვიულობისაგან აკანკალებული ხელიდან მისთვის ეგზომ ძვირფასი საჩუქარი გაუვარდა. ბოთლი გატყდა… ღვინო დაიქცა… ამ დროს კი უტრილომ არც აცივა და არც აცხელა – მუხლებითა და ხელებით ოთხზე დადგა და ნამსხვრევებით მოფენილ იატაკზე დაღვრილი ღვინის ალოკვა დაიწყო ენით გაოგნებული მეგობრის თვალწინ.
მიუხედავად ყოველივე ამისა, მორის უტრილოს შემოქმედება მაინც სათანადოდ იქნა დაფასებული: იგი დაჯილდოვებული იქნა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. – (ავტორი გენია.ჯი)
სუზანა ვალადონი