იაპონური საგანმანათლებლო სისტემა – „ეპიზოდი”
„ამომავალი მზის” ქვეყნად წოდებულ იაპონიაში, მოზარდების ბაღში მიყვანა 3 წლის ასაკიდან სავალდებულო მოთხოვნაა. აქვე საინტერესოა ის გარემოება, რომ ისინი სწორედ ამ ასაკიდან იწყებენ არითემატიკის, ჰირაგანას (იაპონური დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი) და კატაკანას (იაპონური სილაბური დამწერლობა) ზოგადი საფუძვლების შესწავლას. (ავტორი გენია.ჯი) ბაღის დასრულების შემდგომ, იმისათვის, რომ საშუალო სკოლაში მოხვდნენ, პატარებს სავალდებულო გამოცდების ჩაბარება უხდებათ. ისინი, რომლებიც გამოცდებს წარმატებით ვერ ჩააბარებენ, საშუალება ეძლევათ „მოსამზადებელ სკოლაში” განაგრძონ სწავლა და მომდევნო წელს ისევ სცადონ ბედი. საშუალო სკოლებში დაწყებითი სწავლის მიღება კი, როგორც სავალდებულოა თითოეული იაპონელი მოზარდისთვის, ასევე უფასოც არის. თუმცა უფრო მაღალ კლასებში, უნივერსიტეტების მსგავსად, სწავლა ფასიანი ხდება.
სასწავლო წელი „ამომავალი მზის ქვეყანაში” სამი სემესტრისაგან შედგება: პირველი სემესტრი 1 აპრილს იწყება და ივლისის ბოლოს სრულდება; მეორე სემესტრი – სექტემბრის დასაწყისში იღებს სათავეს და სრულდება დეკემბრის შუა რიცხვებში, ხოლო მესამე სემესტრი იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდებს მოიცავს. ეგრეთ წოდებული „ზაფხულის არდადაგები” მოწაფეებისათვის თვენახევრის განმავლობაში გრძელდება და იგი უმეტესწილად აგვისტოს ცხელ დღეებში მიმდინარეობს (ძირითადად ეს სკოლების ადმინისტრაციებზეა დამოკიდებული).
საშუალო სკოლებში სწავლა დილის 8:30 წუთზე იწყება და 15:00 საათზე სრულდება. ადრეულ ეტაპებზე მოსწავლეებს ერთადერთი გამოსასვლელი დღე ჰქონდათ კვირაში, თუმცა 1992 წელს გამოსასვლელი დღეების რაოდენობამ ორ დღემდე მოიმატა და მოიცვა შაბათი და კვირა დღეები.
დაწყებით კლასებში მასწავლებლები თავიან მოწაფეებს საშინაო დავალებას არასოდეს არ აძლევენ. სამაგიეროდ, მაღალ კლასებში საშინაო დავალებები ერთობ მოცულობითია, რის გამოც მაღალი კლასის მოსწავლეებს ყველაზე მოუცლელთა კატეგორიას მიაკუთვნებენ ქვეყანაში.
ტიპიურ იაპონურ კლასში 30-დან 40-მდე მოსწავლე ირიცხება. სასწავლო პროგრამა ძირითადად შედგება – მათემატიკისგან, სოციალური მეცნიერებებისგან, იაპონური ენისა და დამწერლობისგან, მუსიკისა და ფიზკულტურისგან. ცნობისათვის, დაწყებით კლასებში ისწავლება ინგლისური ენაც. გარდა ამისა, ბავშვები საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში ეუფლებიან კალიგრაფიას, ინფორმატიკას, ტრადიციულ ხელოვნებასა და საოჯახო მეურნეობის ნიუანსებს.
იაპონურ სკოლებში, სადაც ბავშვებს მაღალი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით აძლევენ ცოდნას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. – (ავტორი გენია.ჯი)