ირაკლი აბაშიძე – „პირველი თოვლის სიმღერა”
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
* * *
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
* * *
ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
* * *
დგას ბუჩქები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
* * *
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს თეთრად დასახული…
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
* * *
მიხარია
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც უსაქმურად დანაბერი…
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!