ლუი XIII დე ბურბონი – „ეპიზოდი”
„სამართლიანად” წოდებული კარდინალი რიშელიეს ჩრდილში მოქცეული საფრანგეთის მეფე – ლუი XIII დე ბურბონი (1601-1643 წლები) გახლდათ პიროვნება, ვინაც სიყვარულში ძალიან ფრთხილი იყო, სიძულვილში კი დაუნდობელი. (ავტორი გენია.ჯი) გაგიკვირდებათ და, ამ ღვთისმოსავ და მელანქოლიური მიდრეკილებების მქონე მონარქს განსაკუთრებით მაინც ხელსაქმე იტაცებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ იგი საკუთარი ხელით ქსოვდა სათევზაო ბადეებს, ამზადებდა იარაღის საკეტებს და თვით მთელ იარაღებსაც კი; სახელოსნოებში მონაწილეობას იღებდა მონეტებისა და მედლების დამზადებაში; სათბურში პირადად მოჰყავდა მწვანე ბარდა, რომელსაც შემდგომ ყოველ ჯერზე საკუთარ ქვეშევრდომებს აყიდინებდა ბაზარში.
გარდა ამისა, ლუი აღმერთებდა მუსიკასაც, რასაც ხელს უწოყობდა მისი შესანიშნავი ხმა და დიდებული მუსიკალური სმენა. ფრანგი მონარქი ასრულებდა როგორც კურტუაზიულ სიმღერებს, ასევე გალობდა ფსალმუნებსაც. ყოველივე ამისათვის კი მას მართლაც რომ საკმაო დრო რჩებოდა, რადგან უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტით, კარდინალი რიშელიე იყო დაკავებული. – (ავტორი გენია.ჯი)