ნერონი – „ეპიზოდი”
ცხენებშებმული ეტლით რბოლები ძველ რომაულ საზოგადოებაში იმთავითვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. იგი იმდენად მიმზიდველ გასართობს წარმოადგენდა „მარადიული ქალაქის” მკვიდრთათვის, რომ ხშირად 250 000 მაყურებელიც კი ესწრებოდა ამ დაძაბულ სპორტულ სანახაობას. (ავტორი გენია.ჯი) ეტლებით რბოლას არა მარტო უბრალო რომაელებში ჰქონდა სახელი განთქმული, არამედ მისით თვით იმპერატორებიც კი განსაკუთრებულად იხიბლებოდნენ. ერთ-ერთი იმათგანი, ვინაც მასზე აფანატებდა, რომის ოდიოზი იმპერატორი - ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი (37-68 წლები), იგივე – ნერონი გახლდათ.
ეტლებით რბოლას ნერონი ბავშვობიდანვე გაუტაცია, რასაც გენიალური ძველრომაელი ისტორიკოსი და მწერალი – სვეტონიუსიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც მან 17 წლის ასაკში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, თავისი აღმზრდელის – სენეკას წინააღმდეგობის მიუხედავად, პირადად დაიწყო მონაწილეობა შეჯიბრებებში. რომის უკმაყოფილო ელიტა ირწმუნებოდა, რომ ამ გამოხდომით იმპერატორი ხელისუფლების პრესტიჟს ამცირებდა ხალხის თვლაში. თავად ნერონი კი მათ აზრს არად დაგიდევდათ და თავს შემდეგი სიტყვებით იმართლებდა: „ეტლებით რბოლაში მონაწილეობა ჩვენი მეფეებისა და ძველი ბელადების ის წეს-ჩვეულება იყო, რომელიც ღმერთების განსადიდებლად გახლდათ განკუთვნილიო”.
თუმცა, მარტო ნერონი არ იყო ერთადერთი ხელისუფალი, ვინაც ამ პოპულარული სპორტის სახეობით გახლდათ გატაცებული. მისით ასევე გატაცებულნი გახლდნენ თავის დროზე სირაკუზელი ტირანი – ჰიერონ I, რომელსაც ოლიმპიადაშიც ჰქონია მონაწილეობა მიღებული, ხოლო პონტოს საყოველთაოდ ცნობილი მეფე – მითრიდატე VI ევპატორი იმითაც კი ამაყობდა დიდად, რომ 16 ცხენისაგან შემდგარი ეტლის მართვა ძალუძდა. გარდა ჰიერონისა, ძვ.წ.აღ-ით 4 წელს გამართულ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ასევე მიღებული ჰქონდა რომის იმპერატორ – ტიბერიუსსაც. ჩემპიონიც რაღა თქმა უნდა თავად გახდა, რადგან საკუთარი თავის გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყოლია.
იმისათვის, რომ ოლიმპიადაში მიეღო მონაწილეობა, ნერონი ძვ.წ.აღ-ით 67-68 წლებში ათენში გაემგზავრა, სადაც მოსახლეობა მას დიდი პატივით დახვდა. მანამდე კი, სანამ ოლიმპიადაში მიიღებდა მონაწილეობას, იმპერატორი პითიურ, ნემეურ, ისთმურ და აკრიულ თამაშებში გამოვიდა. ძველ რომაელი კონსულისა და ისტორიკოსის – კასიუს დიონის გადმოცემით, ელადაში ყოფნის ჟამს ნერონს საერთო ჯამში – 1 808 ჯილდო გადასცემია.
ძვ.წ.აღ-ით 67 წელს კი ნერონმა მისთვის ეგზომ ნანატრ ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა ეტლებით რბოლაში. მაშინ იგი ათი ცხენისაგან დაკომპლექტებულ ეტლს მართავდა, რა დროსაც გადმოვარდნის შედეგად დაშავდა კიდეც. მიუხედავად ამისა, გასაგები მიზეზების გამო, ათენის საპატიო სტუმარი მაინც გამარჯვებულად იქნა გამოცხადებული მოსყიდული მსაჯების მიერ. შედეგად, ბერძნების მიმართ იმპერატორი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მათ რიგი გადასახადებისა გაუუქმა.
ოლიმპიადაზე ნაყიდი დიდება ნერონმა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან მისი გარდაცვალებისთანავე იმპერატორის ყველა გამარჯვება იქნა ანულირებული. გარდა ამისა, გამარჯვებულთა სიიდან საგულდაგულოდ ამოშალეს ნერონის სახელიც. ასეთი გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადა მაშინ გამართული იქნა არატრადიციულ დღეებში. – (ავტორი გენია.ჯი)