პარაცელსუსი – „ეპიზოდი”
პარაცელსუსად წოდებული იატროქიმიის ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი ფუძემდებელი და მრავალი ავტორის მიერ „ავანტურისტ მედიკოსად” მოხსენიებული - ფილიპუს ავრელიუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი (1493-1541 წლები), ვის სახელთანაც ასოცირდება ქიმიის პირველი გამოყენება მედიცინის დარგში, არანაირ ავტორიტეტებს არ სცნობდა და ყოველთვის დასცინოდა მედიცინის მეცნიერების ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ – ჰიპოკრატე, ავიცენა და გალენოსი (ცნობილია ისიც, რომ სიტყვა „ალკოჰოლი”-ს გამომგონებელი პარაცელსუსი საჯაროდ წვავდა ამ დიდი ავტორების უნიკალურ ნაშრომებს მის მიერვე ხელოვნურად მოწყობილ აუტოდაფეებზე). (ავტორი გენია.ჯი) საექიმო პროფესიაში, რომელსაც კეთილშობილ და ღვთისნიერ საქმიანობად მიიჩნევდა, შვეიცარიელი მედიკოსი ხშირად მიმართავდა ალქიმიურ მეთოდებს. პაციენტებისათვის საჭირო წამლების დასამზადებლად, ალკოჰოლური სასმელების განსაკუთრებულად მოყვარული პარაცელსუსი იყენებდა ისეთ მომწავლელ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა – ვერცხლისწყალი (სიფილისის განსაკურნებლად), კალიუმი, სტიბიუმი, გოგირდი და სხვა. ეგზომ შხამიანი ნივთიერებებისაგან დამზადებული წამლების მოხმარებას მისი მრავალი პაციენტი შეეწირა თავის დროზე, რის გამოც მას ხალხი ბრალს ადამიანების შეგნებულად მოწამვლაში სდებდა. ერთხელ, როდესაც პარაცელსუსს ერთ-ერთმა აღელვებულმა მოქალაქემ იგივე ბრალი წაუყენა, მისგან შემდეგი პასუხი მიიღო – „იცით თუ არა, თქვენ, რა არის საწამლავი? რომ იცოდეთ, ყველაფერი საწამლავია და ყველაფერი წამალია. მხოლოდ დოზა აქცევს ამა თუ იმ ნივთიერებას წამლადაც და საწამლავადაცო”.
სხვათა შორის, პარაცელსუს ხშირად გმობდა მოსახლეობა სპირტიანი სასმელების მასიურად მოხმარების გამოც. გარდა ამისა, იგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი თავისი შეუხედავი გარეგნობისა და მოუწესრიგებელი ტანისამოსის გამო. თავად სოდომური ცოდვებისაკენ მიდრეკილი მედიკოსი პირიქით, ძალიან ამაყობდა თავისი გარეგნობითა და ტანსაცმლით. მოუწესრიგებელი, ბინძური და სისტემატური ხმარებისაგან შემოცრეცილი ტანისამოსის შესახებ კი ასეთ რამეს აცხადებდა – „ტანისამოსი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოიცვალოს ადამიანმა, რაც იგი საბოლოოდ გაიცვითებაო”.
რიგი თანამედროვე ავტორებისა, XVI საუკუნეში მაცხოვრებელი შვეიცარიელი ექიმის მოღვაწეობას მარტინ ლუთერის მოღვაწეობას ამსგავსებენ. ისინი ირწმუნებიან, რა წვლილიც დაიდო ლუთერმა რელიგიის რეფორმაციაში, ისეთივე რეფორმატული წვლილი დაიდო პარაცელსუსმა მედიცინაშიო. – (ავტორი გენია.ჯი)