სტეპან ბანდერა – „ეპიზოდი”
„დადგება დრო, როდესაც ერთი იტყვის – „დიდება უკრაინას!” ხოლო მილიონები კი მას უპასუხებენ – „გმირებს დიდება!” – ამ წინასწარმეტყველური სიტყვების ავტორი გახლდათ „უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღორძინების აქტის” ლეგენდად ქცეული ავტორი და უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ლიდერი - სტეპან ბანდერა (1909-1959 წლები). კაცს, რომლის ოჯახი ათსულიანი გახლდათ, საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნდა და უკრაინაში მოქმედი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ სახლში მოუხდა ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად თანდაყოლილი რევმატიზმის და სუსტი ჯანმრთელობისა, ქვეყნიერებას 1909 წლის 1 იანვარს მოვლენილი უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებაირახტრის ფიზიკური მონაცემები მაინც გაკვირვებას იწვევდა საზოგადოებაში. 159 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ბანდერა, ვინაც არასოდეს მოიხმარდა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებს, ჯანმრთელი ცხოვრების ჭეშმარიტი აპოლოგეტი გახლდათ. ჰქონია ერთობ ჯანსაღი კბილები, თუმცა სამი კბილი კი აკლდა თურმე. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, იგი ყოველდღიურად იბანდა ცივი, გაყინული წყლით. წყლის სტიქიის მოყვარულ სტეპანს განსაკუთრებით უყვარდა წყალში სალტოთი ხტომის დემონსტრირება. ზაფხულობით – კალათბურთის თამაშს ანბიჭებდა უპირატესობას, ზამთრობით კი თხილამურებით სრიალს.
ბანდერა არასოდეს აძლევდა მოდუნების საშუალებას რევმატიზმით დაავადებულ თავის ფეხებს. ამიტომაც იყო, რომ ხშირად ის ფეხით 9 კილომეტრსაც კი გადიოდა სახლიდან ლვოვის ცენტრამდე. გარდა ამისა, ამ სულით უტეხ კაცს, ვინაც საკუთარ თავზე გამოსცადა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ჯოჯოხეთი, სირბილი უყვარდა გრძელ მარათონულ დისტანციებზე.
ამბობენ, რომ სტეპან ბანდერას პიროვნებად ფორმირებაში უდიდესი როლი ორმა ტრაგიკულმა მოვლენამ ითამაშაო. ერთი გახლდათ დედის – მიროსლავა ბანდერას გარდაცვალება მაშინ, როდესაც იგი სულ რაღაც თორმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა და მეორე: უახლოესი მეგობრის – სტეპან ოხრიმოვიჩის სასტიკი მკვლელობა. ამ უკანასკნელმა პოლონელი პოლიციელების მიერ წარმოებულ სასტიკ წამებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.
„როდესაც ადამიანი პურსა და თავისუფლებას შორის არჩევანს პურის სასარგებლოდ აკეთებს, დროთა განმავლობაში იგი ყველაფერს კარგავს. მათ შორის პურსაც. თუკი ერი თავისუფლებას აირჩევს, მაშინ მას პურიც ექნება თავისივე ხელით მონაყვანი და არავისთვის წანართმევიო”, – ამბობდა ბანდერა, რაშიც მართლაც რომ რთულია არ დათანხმებოდი უკრაინელი ხალხის ეროვნულ გმირს. – (ავტორი გენია.ჯი)