ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
სერბული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მეცნიერი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები), ვისაც საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში განთავსებულ სასტუმრო – „ნიუ-იორკერში” ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სასტუმროს №3327-ში დაბინავებულ გენიალურ სწავლულს რენტასა და პენსიას წამყვანი ამერიკული ელექტროტექნიკური კომპანია – „Westinghouse Electric Corporation” უხდიდა. კომპანია, რომელმაც თავისი ზეწარმატებული ბიზნესი სწორედ რომ ტესლას გამოგონებათა წყალობით აწარმოა.
გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ნიკოლა, ვინაც თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში მიატოვა, ძირითადად ვეგეტარიანულ დიეტაზე გადავიდა. შედეგად, იგი უმეტესწილად ბოსტნეულითა და ხილით იკვებებოდა: საქონლის ხორცსა და თევზს მეცნიერი წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ შეექცეოდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ტესლა – 150 წლის განმავლობაში გეგმავდა ცხოვრებას. თუმცა, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა იგი აიძულა ეს ციფრი 135-მდე შეემცირებინა. საბოლოო ჯამში, მან ვერც 135 წლამდე ვერ იცოცხლა და ამიერს 87 წლის ასაკში გამოეთხოვა.
უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც მძიმედ დაავადებული სწავლული 1943 წლის 5 იანვარს მოინახულა, სერბი პოლიტიკური მოღვაწე – სავა კოსანოვიჩი გახლდათ. თუმცა ცნობილია ისიც, რომ მისი მონახულების სურვილი თვით აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – ფრანკლის დელანო რუზველტის მეუღლემ – ელეონორა რუზველტმაც კი გამოთქვა. სამწუხაროდ, ასეთ პატივს მეცნიერი ვერ ეღირსა, რადგან მანამ განუტევა სული, სანამ ქვეყნის პირველი ლედი მოინახულებდა. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ გერმანელ ნაცისტთა მიერ ოკუპირებული სამშობლოს სვე-ბედით შეძრწუნებული და მძიმედ დაავადებული ფიზიკოსი სტუმრებს უიშვიათესად იღებდა. და თუ იღებდა, მათ საშუალებას არ აძლევდა ერთი მეტრის მანძილზე მიახლოვებოდნენ მას. ერთ-ერთი ვერსიით, ტესლას ასეთი უცნაური ქმედება გამოწვეული უნდა ყოფილიყო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შედეგად.
ნიკოლას სასტუმროს ნომრის კარზე ორი დღის განმავლობაში ეკიდა დაფა წარწერით – „არ შემაწუხოთ”, რის გამოც სასტუმროს მომსახურე პერსონალს იგი მართლაც რომ არ შეუწუხებია. და ბოლოს, როდესაც მისი ნომრის დასალაგებლად ერთ-ერთი პასუხისმგებელი მოსამსახურე მაინც შევიდა, აღმოაჩინა, რომ საწოლში მყოფი ტესლა უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.
სერბი სწავლულის ცხედარი ერთ-ერთ ადგილობრივ დამკრძალავ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ნიკოლას მეგობრის ინიციატივით სიკვდილისშემდგომი ნიღაბი აუღეს. აღნიშნული ნიღბის ხილვა დღეისათვის ბელგრადში არსებულ „ტესლას მუზეუმშია” შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)