ნობელის პრემია – „ეპიზოდი”
ნობელის პრემიის არსებობის ისტორიაში (დაარსებული 1895 წელს) სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული იმისა, როდესაც ამ ეგზომ საპატიო ჯილდოთი ერთი ოჯახის წევრები იქნენ დაჯილდოვებულნი. მათ შორის, ცოლ-ქმრის წყვილებიც. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: პოლონელი ქიმიკოსი ქალი – მარი სკლოდოვსკა-კიური და მისი ფრანგი ფიზიკოსი მეუღლე – პიერ კიური… ამ დიდებულ წყვილს ნობელის კომიტეტმა ჯილდო 1903 წელს მიაკუთვნა ერთობლივად. ის კი არადა, მარის ეს პრესტიჟული პრემია მეორეჯერაც გადაეცა 1911 წელს, თუმცა ამჯერად ქიმიის დარგში (პირველი ჯილდო მან ფიზიკის დარგში მიიღო). მოგვიანებით (1935 წელი), ამავე ჯილდოთი დასდეს პატივი ქიმიის დარგში მარისა და პიერის უფროს ქალიშვილსა და სიძეს – ირენ ჟოლიო-კიურისა და – ფრედერიკ ჟოლიო-კიურის;
1947 წელს ნობელის პრემია კიდევ ერთხელ გადაეცა ცოლ-ქმრის წყვილს, ამერიკელ ბიოქიმიკოსებს – კარლ ფერდინანდ კორსა და მის მეუღლეს – გერტი ტერეზა კორს, თუმცა კიურებისაგან განსხვავებით, ისინი ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის იქნენ დაჯილდოებულნი;
1974 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცა გენიალურ შვედ ეკონომისტსა და სოციოლოგს – გუნარ მიურდალს. 1982 წელს კი იგივე ჯილდო გადაეცა გუნარის დიპლომატ თანამეცხედრეს – ალვა მიურდალს. მას ეს პრესტიჟული პრემია – მშვიდობის დარგში ხვდა წილად;
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2014 წელს კიდევ ერთი ცოლ-ქმრის წყვილი იქნა დაჯილდოებული: ნორვეგიელი ფსიქოლოგი – ედუარდ მოზერი და ამავე ეროვნების მქონე მისი მეუღლე – მეი-ბრიტ მოზერი.
გარდა ცოლ-ქმრის წყვილისა, ნობელის პრემიით სხვადასხვა პერიოდებში ასევე დაჯილდოვდა 6 მამა-შვილი. მათ შორის, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი დანიელი ფუძემდებელი – ნილს ბორი და მისი ვაჟი – ოგე ნილს ბორი (1922 და 1975 წლებში).
თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება: ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 1969 წელს მიენიჭა ცნობილ ნიდერლანდელ ეკონომისტს – იან ტინბერგენს, ხოლო 1973 წელს კი ეგზომ პოპულარული ჯილდო გადაეცა იანის ღვიძლ ძმას – ნიკოლას ტინბერგენსაც. ეს უკანასკნელი საკუთარი ძმისგან განსხვავებით, მედიცინის დარგში გამოარჩია ნობელის კომიტეტმა. – (ავტორი გენია.ჯი)