ადოლფ საქსი – „ეპიზოდი”
განუმეორებელი ჟღერადობის მქონე სასულე მუსიკალური ინსტრუმენტის – საქსოფონის გენიალური ბელგიელი გამომგონებელი და კონსტრუქტორი – ადოლფ საქსი (1814-1894 წლები), ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა ცხოვრებამ. მის მიერ ახლად შექმნილ ინოვაციურ მუსიკალურ ინსტრუმენტს ორკესტრებმა თავდაპირველად სრული იგნორირება გაუკეთეს. მუსიკოსები უარს აცხადებდნენ საქსოფონი ჩაერთოთ სიმფონიურ საორკესტრო „დასში”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ადოლფი პრესის მხრიდანაც საშინელი კრიტიკისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა. ის კი არადა, მუსიკალური საკრავების ამ უდიდეს გამომგონებელს პრესა საშინლად ლანძღავდა და ამცირებდა კიდეც… იგი დაუნობელი ცინიზმით დასცინოდა თავისი საგაზეთო ფურცლებიდან ავტორის ჯადოსნურ სასულე მუსიკალურ საკრავს – საქსოფონს.
გავიდა ხანი… ნელ-ნელა გამოჩნდნენ ისეთი „გონიერი” კომპოზიტორები, რომლებმაც კარგად გაუგეს „გემო” ადოლფ საქსის უნიკალურ ქმნილებას. შედეგმაც აღარ დააყოვნა. საქსოფონმა სათანადო წარმატების მიღწევა დაიწყო მუსიკალურ სამყაროში. სწორედ აქ ეწვია უბედურება სერია ადოლფს მის მიერ ახლად გამოგონებული მუსიკალური ინსტრუმენტის გამო. საქსოფონის გამოგონებამ და მისმა ეგზომმა წარმატებამ ავტორს ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია, რადგან მის წინააღმდეგ დაუნდობელ ომში ჩაებნენ მუსიკალური ინსტრუმენტების გავლენიანი მწარმოებლები, რომელთაც უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ბაზარი თავიანთი ნაწარმის გასაღებისთვის. გაგიკვირდებათ და, ისინი ისე მოქმედებდნენ, როგორც ნამდვილი იტალიელი მაფიოზები. ვინ წარმოიდგენდა, რომ ფლეიტისა და კლარნეტის წარმოებაში დახელოვნებული პატივცემული ვაჟბატონები ისე გაუსწორდებოდნენ თავიანთ კონკურენტს, როგორც მარტინ სკორსეზეს ფილმებში უსწორდებიან მაფიოზები კონკურენტებს… აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადოლფ საქსის წინააღმდეგ ერთობლივი კავშირი შეკრეს მათ და კოორდინირებული დარტყმების მიყენება დაიწყეს მის წინააღმდეგ.
ერთ ავადსახსენებელ დღეს, ადოლფ საქსი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისი ლიკვიდაცია აფეთქების გზით სცადეს მოძულეებმა. ბომბი საქსოფონის გამომგონებელს საკუთარი საწოლის ქვეშ დაუდეს. საბედნიეროდ, იგი დროზე ადრე აფეთქდა, რამაც ადოლფი უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა. ის კი გადარჩა, სამაგიეროდ აფეთქების ტალღამ სახლის ნახევარი სრულიად გაუნადგურა საქსოფონის შემოქმედს.
ამ ტრაგიკული მოვლენიდან რამდენიმე ხანში, ადოლფს დამხმარე მოუკლეს სახელოსნოში. მას დაუდგენელმა პირმა მრავალჯერადი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დანით. თავდასხმის ობიექტი გახდა საქსის სახელოსნოც: იგი ჯერ დაარბიეს, ბოლოს კი გადაწვეს კიდეც. ყოველივე ამას თან დაერთო ისიც, რომ პარიზში მასიურად დაიწყო საქსაფონის მეკობრული ვერსიების გაყიდვა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ადოლფი გასაყიდი საქსოფონების თითოეულ დეტალს საკუთარი ხელით აკეთებდა სწორედ იმ სახელოსნოში, რომელიც ფუძიან-ჭერიანად ამოუწვეს დაუნდობელმა კონკურენტებმა.
მიუხედავად ამისა, მათ ვერც საქსოფონს დააკლეს რამე და ვერც მის შემოქმედ სულით უტეხ ავტორს. – (ავტორი გენია.ჯი)