როზმარი კენედი – „ეპიზოდი”
ტეხასის შტატში მოკლული აშშ-ის პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის ხუთ დას შორის უფროსი და – როუზ მერი კენედი (1918-2005 წლები) ბავშვობიდანვე ცუდი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. იგი დაბადებიდანვე იტანჯებოდა ჯანგბადის ნაკლებობით, რამაც მისი გონებრივი განვითარების შეფერხება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) იმის შიშით, რომ გონებრივად შეზღუდული ქალიშვილის ქმედებებს მისთვის პოლიტიკური კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეეშალა, მამამ – ჯოზეფ პატრიკ კენედიმ მიიღო გადაწყვეტილება, როუზის გამოჯანმრთელების მიზნით, თავის 23 წლის ქალიშვილზე ფსიქოქირურგიის უსასტიკესი მეთოდი – ლობოტომია გამოეცადა. თუმცა, ამის წინააღმდეგ გამოვიდა ლობოტომიისათვის შემზადებული პაციენტის დედა – როზა ელისაბედ ფიცჯერალდი. მან ჯოზეფს კატეგორიულად აუკრძალა ლობოტომიის გამოყენება როუზზე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ კარიერაზე მეოცნებე ქმარი ცოლის ზურგს უკან მაინც აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს მედიკოსებთან ოპერაციის ჩატარებაზე და, როგორც კი ქალი შორეულ მოგზაურობაში დაიგულა, უმალვე განახორციელა თავისი გეგმა. ასეთი საქციელი ცოლს ქმრისთვის არასოდეს არ უპატიებია. ის კი არადა, კენედების წყვილი განქორწინდა კიდევაც.
ოპერაციის შემდეგ როზმარის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები იმ დონეზე დაეცა, რომ ახლა მას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც აღარ ძალუძდა. ამას თან დაერთო ისიც, რომ დამბლადაცემული გოგონა ფეხზეც ვეღარ ახერხებდა დგომას. რამდენიმე ხანში, როუზ მერი კენედი კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი არსებობა კი ოჯახმა საერთოდ დაივიწყა. ფაქტიურად, ოჯახმა მასზე უარი განაცხადა და საბოლოოდ აქცია ზურგი. კენედების ოჯახის წევრები არასოდეს სტუმრობდნენ ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში გამომწყვდეულ გაუბედურებულ გოგონას. და საერთოდაც, ისინი საჯაროდ მის არსებობასაც კი არ ადასტურებდნენ.
როზმარი კენედი 2005 წლის 7 იანვარს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ფორტ-ატკინსონში. ამ შემთხვევაში ბევრის მეტყველია ის ფაქტი, რომ მან გაცილებით დიდ ხანს იცოცხლა, ვიდრე კენედების გულცივი ოჯახის წევრთა დიდმა უმრავლესობამ. იმ უმრავლესობამ, რომელთა გარკვეული ნაწილი ძალადობრივი მოკვდინების მსხვერპლი გახდა დროთა განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)
კენედების მრავალშვილიანი ოჯახი