ალექსანდრე კალანდაძე – „რადიო”
„ – რადიო-მიმღები ჩაირთო: აპარატი ჯერ დუმდა, მერმე, უცებ, მწვანე შუქმა იელვა და ატკრციალდა; მე სწრაფად ვატრიალებდი ღილაკს და სარდაფს ერთმანეთში არეული ათასგვარი ხმები, გაურკვეველი ხმაური, ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოწოდებები ეფინებოდა. სუნთქვა შემეკვრა, – ეთერში გრანდიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა, უფრო ცხარე, ვიდრე დედამიწაზე. სხვადასხვა ენა, სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა კილო და მოტივი, – მოწინააღმდეგე ქვეყნები და დედაქალაქები ერთმანეთს ადგილს ეცილებოდნენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერკინებოდნენ, გზიდან იშორებდნენ, – ყველა თავის მსმენელს, თავის მომხრეს, თავის მხარდამჭერს დაეძებდა; დიდი ომი, რომელიც დედამიწის უთვალავ წერტილში იყო განფენილი, ამ პატარა აპარატში ერთ მრისხანე, მოლაპლაპე ვულკანად ქცეულიყო.
ალაგალაგ იდუმალი სიგნალები, გაუგებარი რიცხვები, რაღაც რიტმული ტაკატუკი გადაირბენდა. მხოლოდ უცნაური ჟრჟოლით ვგრძნობდი, რომ ვიღაც მიმამულს, უხილავად ჩასაფრებულსა და საშიშარს მოუხმობდნენ”.