ტინა ტერნერი – „ეპიზოდი”
„როკ-ენ-როლის დედოფლად” წოდებული დიდი ამერიკელი მომღერალი ქალის – ტინა ტერნერის (ნამდვილი სახელი – ანა მეი ბულოკი) კარიერულ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჰქონდა დადებული მის ცნობილ მუსიკოს მეუღლეს – აიკ ტერნერს. (ავტორი გენია.ჯი) ტინასა და აიკის წყვილი 1962 წელს შეუღლდა, თუცა მათ ქორწინებას ბედნიერს ვერ უწოდებდით. ტინა ხშირად ხდებოდა ქმრისაგან არა მხოლოდ უდიერი და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, არამედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. შედეგად, ტინა არაერთხელ უნახავთ ცემისაგან ტუჩგახეთქილი, თვალებჩაშავებული… ასეთი „შელამაზებული” გარეგნობით იგი არაერთხელ წარმდგარა იძულებით მსმენელის წინაშე. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა დროთა განმავლობაში, რომ ქალმა სუიციდის ჩადენაც კი სცადა: თავის მოწამვლის მიზნით ტერნერმა ვალიუმის უზარმაზარი დოზა დალია. საბედნიეროდ, სასოწარკვეთილი ქალი მედიკოსების დროულმა ჩარევამ იხსნა უცილობელი სიკვდილისაგან.
ტინასადმი აიკის ამორალური დამოკიდებულება არც ამის შემდგომ შეცვლილა, რის გამოც მან ქმრისგან გაქცევა და მასთან განქორწინება ამჯობინა. საკვირველია, თუმცა ტერნერის გადაწყვეტილება განქორწინებოდა მეუღლეს, გაკრიტიკრბული იქნა თავად მომღერალი ქალის მშობელი დედის – ზელმა პრისცილას მიერ. თავის ქალიშვილს იგი საყვედურობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაევიწყებინა ის ამაგი, რომელიც მის კარიერულ წინსვლაში ჰქონდა დადებული ოდესღაც აიკს. „დედას… არასოდეს არ სურდა მოეცა ჩემთვის ის, რაც მესაჭიროებოდაო”, – ასეთი იყო ტინა ტერნერის პასუხი დედის მიმართ. იმ დედისა, ვინაც დედის სითბოსა და ალერსს მოწყურებული თავისი პატარა ქალიშვილი აღსაზრდელად საკუთარ მშობლებს მიუგდო ბავშვობის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)