ტომას პეინი – „ეპიზოდი”
ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი და მწერალი – ტომას პეინი (1737-1809 წლები), ვინაც ისტორიაში პირველმა გამოიყენა სიტყვა – „ამერიკის შეერთებული შტატები”, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ყველასგან, მათ შორის უახლოესი მეგობრებისგანაც იგნორირებული აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, აშშ-ის ერთ-ერთმა ფუძედებელმა ღვინის სმაში დაიწყო ნუგეშის ძიება, რამაც იგი საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებულ ალკოჰოლიკად აქცია. პეინის ალკოჰოლიზმს თან დაერთო უკიდურესი სიღატაკეც. ერთ დროს სახელოვანი პერსონა, რომელიც სრულიად გარიყული აღმოჩნდა საზოგადოებისგან, სიკვდილის წინ წერდა – „ჩემი ცხოვრება კაცობრიობისათვის სასარგებლო იყო; მე, რამდენადაც შევძელი, სიკეთე ვაკეთე და ახლა მშვიდად ვკვდები შემოქმედის მოწყალების იმედით”.
გაღატაკებული, იგნორირებული და გალოთებული ტომას პეინი 1809 წლის 8 ივნისს გამოეთხოვა წუთისოფელს. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ ნიუ-იორკში არსებულ კვაკერების სასაფლაოზე დაეკრძალათ, თუმცა ქვეყნისათვის ეგზომ ამაგდარი პერსონის ანდერძის აღსრულებაზე არავის უზრუნია. „უღმერთოდ” (ათეისტად) მიჩნეული პეინის დასაფლავებას სულ რაღაც ექვსიოდე ადამიანი დაესწრო. მისი ცხედარი იმ წაბლის ხის ძირში დაკრძალეს, რომელიც ოდესღაც ტომასის მფლობელობაში არსებული ფერმის ტერიტორიაზე იდგა.
პეინის გარდაცვალებიდან 10 წლის გასვლის შემდგომ, ცნობილმა ინგლისელმა ისტორიკოსმა – უილიამ კობეტმა ტომასის ნეშტი საფლავიდან იმ მიზნით ამოიღო, რომ იგი ინგლისში გადაესვენებინა და სათანადო პატივით მიებარებინა მშობლიური მიწისთვის. კობეტს განზრახული ჰქონდა აშშ-ის ერთ-ერთი ფუძემდებლის საფლავზე ძეგლიც კი დაედგა, მაგრამ ამის განხორციელება ფინანსური სიძნელეების გამოისობით ვერ შესძლო. შედეგად, პეინის ძვლებმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უილიამის საცხოვრებელი სახლის სხვენში არსებულ ხის მოზრდილ ყუთში დაიდო ბინა. ბოლოს კი საერთოდაც გაიბნა ტომასის ნეშტის ასავალ-დასავალი. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ კობეტი